ხვიჩა კვარაცხელია

"გემშვიდობებით, თუმცა ჩემს გულში მუდამ იქნებით" - კვარაცხელია ნაპოლის დაემშვიდობა (VIDEO)

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის დაემშვიდობა. სოციალურ ქსელებში მან გამოსამშვიდობებელი ვიდეო გაავრცელა.

"მიჭირს და რთულია, თუმცა დამშვიდობების დრო მოვიდა. აქ საოცარი პერიოდი გავატარე. ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ და ბევრი საოცარი ემოცია განვიცადეთ. ნაპოლი ჩემთვის სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით, თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. ის გზა, რაც ერთად გავიარეთ, ამ წამს თავში მიტრიალებს და ძალიან ემოციურია. პირველი გოლი და განცდები არასოდეს დამავიწყდება - ჩემი პირველი ნაბიჯები ნაპოლის სტადიონზე, თქვენი გიჟური შეძახილები, ემოციები და მუხტი, რომელიც განსაკუთრებული იყო, როგორც საშინაო, ასევე გასვლით შეხვედრებში.

ნაპოლი საფეხბურთო ქალაქია, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს და მიხარია, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი მეც გავხდი. აქ ბევრი რამე ვისწავლე, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. გავიზარდე როგორც ადამიანი და როგორც სპორტსმენი. ჩემთვის ამ მაისურის ტარება ძალიან საპატიო იყო. მინდა, კლუბში მომუშავე თითოეულ ადამიანს, ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და რაც მთავარია, თქვენ, გულშემატკივრებს, მადლობა გადაგიხადოთ. გემშვიდობებით, თუმცა ჩემს გულში მუდამ იქნებით და იმედია, კიდევ შევხვდებით. ვიცი, ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით. მინდა, წარმატებები გისურვოთ - ამ ქალაქს, ამ ხალხს, ჩემპიონობა, სკუდეტო მოუტანოთ [...]

აქ მოვედი როგორც პატარა ბიჭი, რომელსაც ბევრი არ იცნობდა. ახლა კი აქაურობას ვტოვებ, როგორც კაცი, ვისაც თან მიაქვს უამრავი ადამიანის სიყვარული, ბევრი გამარჯვება და რაც ყველაზე მთავარია, ის ნანატრი სკუდეტო და ჩემპიონობა, რომლის სურვილითაც ეს ქალაქი ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობდა". - ამბობს კვარაცხელია გამოსამშვიდობებელ ვიდეოში.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, კვარაცხელია კარიერას ფრანგულ კლუბში, PSG-ში გააგრძელებს. მისივე ინფორმაციით, კვარაცხელია პარიზში ხვალ, 17 იანვარს ჩავა და გუნდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ამის შემდეგ კი ის PSG-სთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. რომანოსვე ცნობით, ფრანგული კლუბი იტალიურ ნაპოლის კვარაცხელიას სანაცვლოდ 80 მილიონ ევრომდე გადაუხდის.

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში 2022 წელს გადავიდა. მან კლუბში 85 თამაში ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. 2022-2023 წლების სეზონში კვარაცხელია ნაპოლისთან ერთად იტალიის სერია ა-ს ჩემპიონი გახდა, თავად კი ტურნირის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

კომენტარები