ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ანდრომ განმარტა, რომ მისი პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს - ადვოკატი

ანდრო ჭიჭინაძის და საპროტესტო აქციებზე დაკავებული კიდევ 10 მოქალაქის სასამართლო პროცესი

დღეს გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში საპატიმროში მყოფ ანდრო ჭიჭინაძეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ. შეხვედრა გამონაკლისის წესით გაიმართა და მიზნად ისახავდა, როგორც საქმის დეტალების განხილვას, ასევე საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე ყურადღების გამახვილებას, იუწყება ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი.

მიგინეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ დამსწრეები დაინტერესდნენ არა მხოლოდ ჭიჭინაძის ჯანმრთელობის მდგომარეობითა და მისი პატიმრობის საფუძვლებით, არამედ იმ პროტესტითაც, რომელშიც ის აქტიურად მონაწილეობდა.

"ანდრომ განმარტა, რომ მის წინააღმდეგ პატიმრობის არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ის წარმოადგენს იმ ათასობით ადამიანის ხმას, რომლებიც რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან," - განაცხადა მიგინეიშვილმა.

ადვოკატის თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო როგორც საქმის იურიდიული ასპექტები, ასევე საზოგადოებაში მიმდინარე პროტესტის ტალღა, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ემსახურება. "გამოვთქვით რწმენა, რომ ეს ადამიანები მომავალში ისევ შევხვდებით ევროპაში, რომლისკენაც ქართველი ხალხი მიისწრაფვის." - დასძინა მან.

მიგინეიშვილმა შეხვედრის მნიშვნელობის განსაკუთრებულობაც აღნიშნა: "ეს არის კიდევ ერთი უპრეცედენტო მაგალითი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერისა და სინდისის პატიმრების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის."

მისივე თქმით, ანდრო ჭიჭინაძის საქმე იმ ათობით ადამიანის მდგომარეობას ასახავს, რომლებიც სისხლის სამართლის წესით დაკავების პრეცედენტებად იქცნენ.

"ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ეს საქმე აუცილებლად მოხვდება საერთაშორისო ანგარიშებში,“ - განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები