სომხეთის თავდაცვის მინისტრის, სურენ პაპიკიანის განცხადებით, სომხეთი დაინტერესებულია მოსკოვთან თანამშრომლობის მაღალი დონის შენარჩუნებით, თუმცა არსებობს ობიექტური საკითხები, რომლებიც ჯანსაღ და კონსტრუქციულ განხილვას მოითხოვს.
"ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ რუსეთთან რაიმე ახალი შეთანხმებების შესახებ. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ოფიციალური ერევანი დაინტერესებულია მოსკოვთან თანამშრომლობის მაღალ დონეზე შენარჩუნებით. მაგრამ, როდესაც ვსაუბრობთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაზე (CSTO) და ვცდილობთ განვიხილოთ 2022 წლის მოვლენები, შემდეგ კი სწრაფად გადავიდეთ 2025 წელს და ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგადაა, ეს ასე არ არის,“ – განაცხადა მინისტრმა პაპიკიანმა 2024 წლის საქმიანობის შეჯამებისას პრესკონფერენციაზე.
"ჩვენ გვაქვს ობიექტური კითხვები და მიმაჩნია, რომ ამ კითხვებზე პასუხები უნდა მივიღოთ ჯანსაღი განხილვების გზით. ჩვენი მომავალი თანამშრომლობის სიღრმე და დონეც ამ პასუხებზე იქნება დამოკიდებული" - აღნიშნა პაპიკიანმა.
მინისტრმა დაამატა, რომ სომხეთის რესპუბლიკამ მოსკოვთან ორმხრივი თანამშრომლობის არცერთი დოკუმენტი არ გააუქმა.
"ჩვენ ოფიციალურად არც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში წევრობა გაგვიუქმებია, მაგრამ დე ფაქტო იქ არ ვმონაწილეობთ. ჩვენ არ ვართ დამნაშავეები იმაში, რომ CSTO-ში არ არის არცერთი ოფიცერი სომხეთის რესპუბლიკიდან" - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრმა ასევე გამოკვეთა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ურთიერთობები უნდა იყოს დაბალანსებული და დაფუძნებული ურთიერთპატივისცემაზე. მისი თქმით, ასეთი თანამშრომლობის წინაპირობები უნდა შეიქმნას ერთობლივი ძალისხმევით და არა განცხადებებისა და სატელევიზიო გადაცემების მეშვეობით.





