რუსეთი უკმაყოფილოა, რომ სომხეთში ჩატარებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოვიდა. ამ უკმაყოფილების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის ელჩი გამოიძახეს.
სომხეთის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს შეხვდა.
რუსეთის საგარეო უწყებაში უკმაყოფილო არიან სომხეთის მხრიდან ზელენსკის "ქცევის" "ნეგატიური შეფასების არარსებობით". მათივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტისთვის სასაუბრო პლატფორმის მიცემა "კატეგორიულად მიუღებელია".
"დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს განუცხადეს სომხეთში ევროკავშირის ეგიდით მცირე ხნის წინ ჩატარებულ ღონისძიებაზე კიევის ნაცისტური რეჟიმის ხელმძღვანელი ვლადიმირ ზელენსკისთვის რუსეთისადმი ტერორისტული მუქარის გაჟღერებისთვის "ტრიბუნის" მინიჭების კატეგორიული მიუღებლობის შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მოსკოვში ამასთან დაკავშირებით სამართლიან აღშფოთებას განიცდიან და მიიჩნევენ, რომ ოფიციალური ერევნის მხრიდან აღნიშნულ სტუმრის მსგავსი აღმაშფოთებელი ქცევის სათანადო ნეგატიური შეფასების არარსებობა არ შეესაბამება რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების პარტნიორულ ხასიათს" - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.





