ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მაკალისტერი: რუსეთის მზარდი გავლენა საქართველოში მნიშვნელოვანი შეშფოთების მიზეზია

European Union

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის დევიდ მაკალისტერის განცხადებით, გლობალურ ომის პარტიასა და Deep State-ზე საუბრისას ქართული ოცნება ავრცელებს შეთქმულების თეორიებს, რომლებიც "საბოლოოდ მხოლოდ კრემლში მისი პოლიტიკური მოკავშირის, ბატონი პუტინის ნარატივს კვებავს".

მაკალისტერმა ამის შესახებ ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ქართული ოცნების ხელმძღვანელობის ქვეშ, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები თითქმის ნორმალიზდება.

"პარტია ქართული ოცნება ავრცელებს ცნობილ შეთქმულების თეორიებს, რომლებიც საბოლოოდ მხოლოდ კრემლში მისი პოლიტიკური მოკავშირის, ბატონი პუტინის ნარატივს კვებავს. ეს უბრალოდ ყალბი ამბებია.

ეს შეთქმულებები ემსახურება საქართველოში რუსული გავლენის გამყარებას დეზინფორმაციის გავრცელებით. რუსეთის მზარდი გავლენა საქართველოში მნიშვნელოვანი შეშფოთების მიზეზია.

მმართველმა პარტიამ არა მხოლოდ გამოიყენა რუსეთის აგრესიული ომის სასტიკი სურათები უკრაინის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის და დეზინფორმაციის გასავრცელებლად, არამედ შესამჩნევია რუსეთთან ეკონომიკური კავშირების ზრდაც. ქართული ოცნების ხელმძღვანელობით საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები თითქმის ნორმალიზდება, მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა.

როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, საქართველო ზუსტად პირიქით უნდა მოიქცეს. ევროპარლამენტმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რუსეთის მიმართ თავისი საგარეო პოლიტიკა და სტრატეგია ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შეათანხმოს.

საქართველომ უნდა გააგრძელოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და პატივი სცეს თავის ვალდებულებას ეფექტურად განახორციელოს ზომები, რომლებიც ხელს უშლის ევროპული სანქციების გვერდის ავლას. ამ ნაბიჯების გარეშე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესი შეუძლებელი იქნება". - განაცხადა მაკალისტერმა. 

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ინტერვიუში ასევე ისაუბრა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სანქცირების საკითხზე, მისი თქმით "ევროპარლამენტმა ნათლად თქვა, რომ გვინდა, საქართველოში წამყვანი პირების სანქცირება მათი მავნებლური საქმიანობის გამო".

მაკალისტერის განცხადებით, ევროპარლამენტი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, სალომე ზურაბიშვილს აღიარებს. 

"ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო იყო. ჩვენ არ ვცნობთ მთავრობას და არ ვცნობთ პრეზიდენტს - არ შევცდეთ: სალომე ზურაბიშვილი კვლავაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია. ის არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, სანამ ახალი არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდება, რომელსაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია გამართავს, უზრუნველყოფს ჭეშმარიტად სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს". - თქვა მან.

მაკალისტერი ქართულ ოცნებას  ძალადობის შეწყვეტისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"საქართველო დემოკრატიული გარდაქმნის წინაშე დგას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას - ძალადობა უნდა შეწყდეს. პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრება უნდა შეწყდეს, ადამიანები არ უნდა დააპატიმრონ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სარგებლობენ თავიანთი დემოკრატიული უფლებებით. პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ძალადობა არასოდეს უნდა იყოს იარაღი დემოკრატიულ ქვეყანაში. კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ თავდასხმას ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და პოლიტიკურ წარმომადგენლებზე და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებას". - ამბობს მაკალისტერი.

კომენტარები