ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მითხრეს, რომ Meta-ს მიწერეს და სხვა არაფერი შეუძლიათ - ქინქლაძე მისი კადრების გავრცელებაზე

პროევროპული აქციების აქტივისტის, სანდრო ქინქლაძის თქმით, პირი რომელმაც მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელა ქვეყანა დატოვა.

ცნობისთვის, 13 იანვარს ქინქლაძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ ერთ-ერთი დეპუტატის პოსტის ქვეშ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელეს.

ტაბულასთან საუბარში, ქინქლაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტი პირველად არ ხდება, ხოლო მომხდარზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უთხრა, რომ პირი, რომელმაც სანდროს ვიდეო გაავრცელა ქვეყნიდან გასულია, "Meta-ს მიწერეს და სხვა მეტი არაფერი შეუძლიათ".  

"პირველი ადამიანი ვინც გაავრცელა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დაკავებული ვიყავი, რომელმაც კომენტარებში ჩააგდო ვიდეო ის ადამიანი დაკავებულია და სასამართლო იქნება 27 იანვარს, თუმცა ამ ადამიანზე [ვინც ახლიდან გაავრცელა სანდროს ვიდეო] მე მგონია, რომ აქვს საზღვარი დატოვებული - პოსტზე, კომენტარის წაშლაზე, რომელიც ახლაც დევს მოქმედი პარლამენტარის კომენტარებში მითხრეს, რომ "მიწერეს მეტას და სხვა მეტი არაფერი შეუძლიათ". 

დამნაშავე ვინც ატვირთა ეს ვიდეო, ქვეყნიდან გასულია, სხვა არაფერი არ იციან". - თქვა ქინქლაძემ ტაბულასთან საუბრისას. 

სანდრო ქინქლაძე დეკემბერში პროევროპულ აქციებზე დააკავეს. მისი თქმით, "მეგობრის სადარბაზოდან მომიტაცეს". ქინქლაძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

"ჯერ კიდევ მანქანაში, რა მუქარა, გინება, ლანძღვა იყო. ამაზე საუბარიც ზედმეტია. პირველად გადამიყვანეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში. კარგად მახსოვს, რომ მეხუთე სართულის მე-15 კაბინეტი იყო და ერთი პოლიციელის სახელი და გვარიც დამამახსოვრდა - დომენტი ხოშტარია, რომელიც იგინებოდა, ტანსაცმლის ერთი ფენა, შარვალი, რაც მეცვა, შემომახია და იყო მუქარა, რომ თუ არ გავჩერდებოდი, კიდევ უარესს ბრალდებებს წამიყენებდნენ.” - თქვა ქინქლაძემ გათავისუფლების შემდეგ.

კომენტარები