ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

"დავწერე საჩივარი" - აქტივისტის თქმით, მისი პირადი ცხოვრების კადრები ისევ გაავრცელეს

პროევროპული აქციების აქტივისტის, სანდრო ქინქლაძის თქმით, სოციალურ ქსელში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელეს. ქინქლაძე წერს, რომ მან საჩივარი უკვე დაწერა.

"ამათგან რომ გასაკვირი არაფერია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. დღეს სოციალურ ქსელში, ერთერთი დეპუტატის პოსტის კომენტარებში გავრცელდა ჩემი პირადი ცხოვრების კადრები, ვიდეო, სადაც ვარ 14-15 წლის.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა იზოლატორში ვიყავი, მაშინაც გავრცელა საერთოდ სხვა ადამიანმა. ახლაც მიმდინარეობს იმ საქმის გამოძიება. ის პირი უკვე დაკავებულია.

ახლა გამოვედი ვაკის პოლიცის განყოფილებიდან, სადაც ამ ადამიანზე დავწერე საჩივარი" - წერს ქინქლაძე.

სანდრო ქინქლაძე დეკემბერში პროევროპულ აქციებზე დააკავეს. მისი თქმით, "მეგობრის სადარბაზოდან მომიტაცეს". ქინქლაძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

"ჯერ კიდევ მანქანაში, რა მუქარა, გინება, ლანძღვა იყო. ამაზე საუბარიც ზედმეტია. პირველად გადამიყვანეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში. კარგად მახსოვს, რომ მეხუთე სართულის მე-15 კაბინეტი იყო და ერთი პოლიციელის სახელი და გვარიც დამამახსოვრდა - დომენტი ხოშტარია, რომელიც იგინებოდა, ტანსაცმლის ერთი ფენა, შარვალი, რაც მეცვა, შემომახია და იყო მუქარა, რომ თუ არ გავჩერდებოდი, კიდევ უარესს ბრალდებებს წამიყენებდნენ.” - თქვა ქინქლაძემ გათავისუფლების შემდეგ.

კომენტარები