17 იანვარს რუსეთი და ირანი ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას დადებენ. შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მოსკოვს ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
"17 იანვარს ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებებს გამართავს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან, რომელიც რუსეთში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა". - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
შეთანხმებაზე ხელმოწერასთან ერთად, პუტინი და ფეზეშქიანი განიხილავენ "ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაფართოების პერსპექტივას, მათ შორის, ვაჭრობის, ინვესტიციის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხებში, ისევე როგორც ჰუმანიტარულ სფეროში".
ორივე რეჟიმს, რუსეთსაც და ირანსაც დასავლეთმა ბოლო ხანების განმავლობაში მძიმე სანქციები დაუწესა, მათ შორის, ისეთი კრიტიკული მნიშვნელობისთვის ინდუსტრიებზე, როგორებიცაა ენერგეტიკა და საბანკო და საფინანსო სისტემები.
პუტინმა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გასული წლის ნოემბერში ჩრდილოეთ კორეასთანაც მოაწერა ხელი.