ბიძინა ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ისინი 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.
"მანამ, სანამ კოლექტიური ნაცმოძრაობის გასამართლება და მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება არ მოხდება, ქვეყანას არაფერი ეშველება. ეს უკვე დაადგინა პრაქტიკამაც და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებმაც, სადაც პირდაპირ წერია, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელისუფლების დროს, სისტემურ დანაშაულებს სჩადიოდნენ [...]
რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას მივიღებთ, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და 6 თვის თავზე, ბევრი გამოძიება არ დასჭირდება იმას, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაციაა". - თქვა მაჭარაშვილმა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ კვირაში 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება.
რეჟიმის განცხადებით, კომისია 6 თვე იმუშავებს და მისი დასკვნა, მოგვიანებით, "დამნაშავეების დასჯის მიზნით", პროკურატურას გადაეცემა. რეჟიმი აპირებს გამოკითხოს ყველა, ვინც 2003-13 წლებში თანამდებობაზე იყო.