ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

არ შეუშალოთ ხელი თანამშრომლებს, ვისაც უნდა, რომ გაიფიცოს - გუნცაძე საბანკო სექტორს

რეჟიმის მიერ დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე საქართველოს ბანკის დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს შეხვდა. შეხვედრამდე გუნცაძემ საბანკო სექტორს მოუწოდა ხელი არ შეუშალონ თანამშრომლებს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვაში მონაწილეობის მიღებაში. 

"გვითხრეს, რომ არ შეიზღუდება არცერთი თანამშრომელი და არ დაისჯება არცერთი თანამშრომელი. ახლა ველოდებით რომ ეს აღასრულონ და გააკეთონ თვითონაც კომენტარი. [...] ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, ბრძოლა შეუპოვარი და ჯიუტი". - თქვა გუნცაძემ შეხვედრის შემდეგ. 

დღესვეა დაგეგმილი შეხვედრა TBC ბანკის წარმომადგენლებთან. 

შეხვედრამდე გუნცაძემ საბანკო სექტორის წარმომადგენლებს მიმართა:

"მე ვარ ანდრო ჭიჭინაძის, პატიმრის დედა და ყველა დედის სახელით და თხოვნით, მივმართავ ბანკის ხელმძღვანელობას, ამ 3-საათიან გაფიცვასთან დაკავშირებით, არ შეუშალონ ხელი თავიანთ თანამშრომლებს ვისაც ნება აქვს და უნდა, რომ გაიფიცოს და მინდა, მკაფიო პასუხი იმაზე, რომ ეს თანამშრომლები, რომლებიც გაიფიცებიან არ დაისაჯონ.

ამას ვითხოვ და მოვითხოვ, თუ გინდათ, რომ პატიმრის მშობლებს, პატიმრებს დაუდგეთ გვერდზე, ძალიან დიდ საქმეს გააკეთებთ ამით". - განაცხადა გუნცაძემ.

15 იანვარს, 15:00 საათზე საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ გამაფრთხილებელი გაფიცვაა ჩანიშნული.

კომენტარები