ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ვეფხია კასრაძე სხდომაზე: თავისუფლება კი არ წამართვით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ

აცილებას ვეთანხმები, რადგან არანაირი განხილვა არ ყოფილა იმაზე, რა ბრალიც წამიყენა პროკურორმა. თქვენ არ განგიხილავთ მტკიცებულებები ისე მომისაჯეთ პატიმრობა. ერთ რამეში მადლობასაც გეტყვით, რადგან მომეცა საშუალება, ჩემი სამშობლოსთვის ვეწამე.

თქვენი სასჯელის მოსჯით, მე თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ, მინდა იცოდეს ყველამ, თავისუფლება მოვიპოვე, რაღაც ტვირთი მომეხსნა.

ერთი რაღაც მინდა გკითხოთ ბატონო მოსამართლე, მოძღვარი თუ გყავთ, როგორც ადამიანი ადამიანს გეკითხებით, თუ არ გყავთ მოძღვარი? თუ არ გყავთ, გირჩევთ, მოინანიოთ ეს ცოდვა, ეს არის ბოროტება რასაც თქვენ აკეთებთ ბატონო მოსამართლე. ამ ახალგაზრდებში საქართველოს ვხედავ, არარსებულ დანაშაულზე სასჯელს უსჯით და ცხოვრებას უზიანებთ, მათ დედებს ცრემლიანებს ტოვებთ, ვინ მოგცათ ამის უფლება, მითხარით! ეს არანაირ სამართალში არ ჯდება.

სამართლებრივი და მორალური უფლება არ გაქვთ, ეს სხდომა წაიყვანოთ.

სასამართლო სხდომაზე თქვა საპროტესტო აქციების ფარგლებში რეჟიმის სამართალდამცავების მიერ დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ, რომელსაც ბრალდების მხარე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება, რაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები