უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ იგი აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ესაუბრა და მწუხარება გამოხატა კალიფორნიაში დამანგრეველი ხანძრებისა და დაღუპული ხალხის გამო.
ზელენსკის თქმით, მან ბაიდენს მადლობა გადაუხადა უკრაინის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის და იმ გადამწყვეტი როლისთვის, რომელიც აშშ-მ საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებაში ითამაშა.
"ჩვენ განვიხილეთ აშშ-ს ახალი სანქციების პაკეტის დეტალები, რომლის სამიზნეც რუსეთის ენერგოსექტორია, რომელიც პუტინს ომის დაფინანსებაში ეხმარება". - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული სანქციები რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვან ფლოტსა" და მთავარ კომპანიებს, როგორებიცაა Gazprom Neft და Surgutneftegaz, შეეხება.
"მან უნდა იგრძნოს ამ ომის ფასი საკუთარ ჯიბეზე პირდაპირი გავლენის მოხდენით. მე მადლობელი ვარ აშშ-ს, ორივე პოლიტიკური პარტიისა და კონგრესის ორივე პალატის მათი მხრიდან რუსეთზე ამ წნეხის მხარდაჭერისთვის". - დაამატა ზელენსკიმ.