აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებს გრენლანდიის ყიდვასთან დაკავშირებით ეხმაურება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო. მისი თქმით, ევროკავშირი არ მისცემს არცერთ სახელმწიფოს იმის უფლებას, თავს დაესხას მის საზღვრებს.
დონალდ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ აშშ-მ გრენლანდია უნდა "იყიდოს". ბოლო პრესკონფერენციაზე, მან ასევე არ გამორიცხა ეკონომიკური და სამხედრო ძალის გამოყენება გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად.
"რა თქმა უნდა უდავოა, რომ ევროკავშირი არ მისცემს არცერთ სხვა სახელმწიფოს თავს დაესხას მის სუვერენულ საზღვრებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენ ძლიერი კონტინენტი ვართ" – თქვა ბარომ ფრანგულ მედიასთან საუბრისას.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას არ სჯერა, რომ დღევანდელ საერთაშორისო მოცემულობაში აშშ გრენლანდიაში სამხედრო ინტერვენციას მოახდენს.
7 იანვარს, დონალდ ტრამპმა გრენლანდიასა და პანამის არხზე კონტროლის მოპოვებისთვის ეკონომიკური და სამხედრო ძალის გამოყენებაზე დასმულ კითხვაზე ტრამპმა უპასუხა: "არა, ვერცერთზე ვერ დაგარწმუნებთ, მაგრამ ერთს გეტყვით, ისინი ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის გვჭირდება". - თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ შესაძლოა, მან დანიას მაღალი ტარიფები დაუწესოს.
"ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება. ხალხმა ნამდვილად არც კი იცის, აქვს თუ არა დანიას გრენლანდიაზე რაიმე იურიდიული უფლება, მაგრამ თუ აქვს, უნდა დათმოს, რადგან ჩვენ ეს გვჭირდება ეროვნული უსაფრთხოებისთვის". - თქვა ტრამპმა.