გრენლანდიის არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ Demokraatit-მა გაიმარჯვა, რომელიც კუნძულის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ნელ მიდგომას ემხრობა.
11 მარტს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიამ ხმების 29.9% მიიღო. 2021 წლის არჩევნებში Demokraatit-ს მხოლოდ 9.1%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.
"ხალხს ცვლილება სურს. ჩვენ მეტი ბიზნესი გვჭირდება ჩვენი სოციალური კეთილდღეობის დასაფინანსებლად". - განაცხადა Demokraatit-ის ლიდერმა, ინდუსტრიისა და მინერალების ყოფილმა მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნიელსენმა.
ნიელსენის თქმით, Demokraatit-ს არ სურს გრენლანდიის დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესის დაჩქარება.
"ჩვენ ხვალვე არ გვსურს დამოუკიდებლობა, ჩვენ გვსურს მყარი საფუძველი". - აღნიშნა ნიელსენმა მედიასთან.
არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა გრენლანდიის მოქმედი პრემიერმინისტრი, მუტე ეგედე.
"ჩვენ პატივს ვცემთ არჩევნების შედეგებს". - დაწერა სოციალურ ქსელში ეგედემ, რომელიც მმართველ პარტია Inuit Ataqatigiit-ს წარმოადგენს. მისი თქმით, ის მზად არის კოალიციური მოლაპარაკებებისთვის.
მმართველმა პარტიამ და მისმა კოალიციურმა პარტნიორმა Siumut-მა, რომლებიც ასევე მხარს უჭერენ დამოუკიდებლობის მოპოვების ნელ მიდგომას, ერთად 36%-იანი მხარდაჭერა მოიპოვეს, რაც 2021 წელს მიღებულ 66.1%-ზე ნაკლებია.
მეორე ადგილი 24.5%-ით ოპოზიციურმა პარტია Naleraq-მა დაიკავა, რომელიც გრენლანდიის დამოუკიდებლობის მოპოვების დაჩქარების მომხრეა.
"მე მტკიცედ მწამს, რომ ძალიან მალე დავიწყებთ ცხოვრებას ჩვენი კულტურის, ენისა და ტრადიციების მიხედვით და შევქმნით რეგულაციებს, რომლებიც დანიისგან დამოუკიდებელი იქნება". - განაცხადა Naleraq-ის კანდიდატმა კუპანუკ ოლსენმა.
კენჭისყრის პროცესი 72 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა, სადაც ხმის მიცემა დაახლოებით 40,500 ამომრჩეველს შეეძლო, თუმცა საბოლოო მონაწილეობის მაჩვენებელი ჯერ უცნობია.
თებერვალში გრენლანდიის მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. პარტიის მიხედვით, რეფერენდუმი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ჩატარდეს.
ქვეყნის სტატუსი გრენლანდიაში მას შემდეგ გახდა ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არქტიკაში აშშ-ს ინტერესების დასაცავად, საჭიროა გრენლანდიის მიერთება და ამისთვის მის "ყიდვასაც" განიხილავს, თუმცა, ტრამპმა არ გამორიცხა სამხედრო და ეკონომიკური საშუალებების გამოყენება.
პარლამენტში მყოფმა ყველა პარტიამ დაადასტურა, რომ ეწინააღმდეგებიან აშშ-სთან გაერთიანებას.
ასევე, დანიური გაზეთის Berlingske მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, გრენლანდიის მოსახლეობის 85%-ს აშშ-ს შემადგენლობაში შესვლა არ სურს.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იანვარში განაცხადა, რომ დანიის ავტონომიური ტერიტორია გრენლანდია აშშ-ს უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და დანიას მოუწოდა, სტრატეგიული მნიშვნელობის კუნძულზე კონტროლი აშშ-ს დაუთმოს. 27 იანვარს ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე თქვა, რომ მისი აზრით, ამერიკა გრენლანდიაზე კონტროლს დაამყარებს.





