გრენლანდია

დანიელი აქტივისტები გამოდიან ინიციატივით, რომ დანიამ კალიფორნიის შტატი $1 ტრილიონად იყიდოს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის დაუფლებაზე გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებების საპასუხოდ, დანიელი აქტივისტები ინიციატივით გამოდიან, რომ დანიის სამეფომ, გრენლანდიის დათმობის სანაცვლოდ, აშშ-ს კალიფორნიის შტატი 1 ტრილიონ დოლარად შეისყიდოს. 

როგორც ინიციატივის ავტორი აქტივისტი ხავიერ დუტუა Politico-ს ეუბნება, ტრამპის მცდელობის საპასუხოდ, გრენლანდიას აშშ დაესაკუთროს, მისი კამპანია სახელად Denmarkifikacation (დანიიზაცია) მიზნად ისახავს აშშ-სგან კალიფორნიის შტატის ყიდვას და მისი ტერიტორიის დანიის სამეფოს საკუთრებაში გადაცემას. როგორც Politico წერს, მიმზიდველი შეთავაზებაა: ტრილიონი დოლარი და დანიური საკონდიტრო ნაწარმის უწყვეტი მიწოდება, რომლისთვისაც "ჰოლივუდით გადაიხდიდნენ". 

ინიციატივის ავტორის თქმით, მოლაპარაკებებს Lego-ს აღმასრულებელი დირექტორის ფიგურები გამართავენ, ვინაიდან "მათ დაკარგული ბლოკებით გამწყრალ ბავშვებთან გამკლავების გამოცდილება აქვთ, რამაც ისინი მოლაპარაკებების ექსპერტებად აქცია". 

კამპანიის ვებსაიტზე დანიის მოქალაქეებისთვის ჩამოთვლილია მიზეზები, თუ რატომ უნდა იყიდონ კალიფორნიის შტატი, მათ შორის, კალიფორნიის მზიანი ამინდი, შტატის დომინანტობა ტექ-სფეროში, ავოკადოების უხვი მოსავალი, შესაბამისად, შეუზღუდავი ავოკადოს ტოსტები, და დისნეილენდი, რომელსაც დანიასთან შეერთების შემდეგ, ჰანს ქრისტიან ანდერსენლენდს დაარქმევენ. 

გაშარჟებულია ტრამპის სახელგანთქმული ლოზუნგი Make America Great Again, რომელიც ვებსაიტზე ამ სახით, დანიური ალფაბეტის ასოებით გვხვდება: Måke Califørnia Great Ægain. 

ვებსაიტზე ნახსენებია ის მიზეზიც, თუ რატომ გაყიდდა ტრამპი კალიფორნიას. 

"მოდი, გულწრფელები ვიყოთ - ტრამპი კალიფორნიის მაინცდამაინც უდიდესი ფანი არ არის, მისთვის "აშშ-ს ყველაზე გაფუჭებული შტატი" უწოდებია და მის ლიდერებთან წლობით ჰქონია დაპირისპირება. ჩვენ თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ ის [შეთავაზებას] კარგი ფასის სანაცვლოდ დათანხმდება. და კიდევ, შეთანხმების დასატკბობად, ჩვენ მთელი ცხოვრების სამყოფ დანიურ საკონდიტრო ნაწარმსაც უზრუნველვყოფთ. რაც შეეხება კალიფორნიაში მცხოვრებლებს - მოდი, ფაქტებს სახე გავუსწოროთ, როდის შეუჩერებია [ამ ფაქტორს] ტრამპი? თუ ტრამპს კალიფორნიის გაყიდვა სურს, კალიფორნიას გაყიდის". - წერია ვებსაიტზე. 

გასული წლის 23 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაში დონალდ ტრამპმა კვლავ დააყენა აშშ-ს მიერ დანიის სამეფოს ავტონომიური რეგიონის, გრენლანდიის, შესყიდვის საკითხი. მან ასევე არ გამორიცხა სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობაც. 

"გრენლანდია ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება". - განაცხადა ტრამპმა 7 იანვარს გამართულ პრესბრიფინგზე. 

ტრამპის ამ განცხადებას მალევე, 8 იანვარს გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მუტე ეგედე. 

"ჩვენ სრულად ვაღიარებთ, რომ გრენლანდიას საკუთარი ამბიციები აქვს. თუ ისინი მატერიალიზდება, გრენლანდია გახდება დამოუკიდებელი, თუმცა ნაკლებად იმ ამბიციით, რომ გახდეს აშშ-ს ფედერალური შტატი". - თქვა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

აშშ-ს პრეზიდენტმა გრენლანდიის შესყიდვის საკითხი თავდაპირველად პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს დააყენა. მან 2019 წელს დანიაში ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტი გააუქმა, როდესაც დანიელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ გრენლანდიის ავტონომიური ტერიტორია არ იყიდებოდა.

კომენტარები