აშშ-საქართველო

რა განცხადებები გაკეთდა კონგრესის პირველ სხდომაზე MEGOBARI აქტის შესახებ?

3 იანვარს აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და კონგრესმენებმა - სტივ კოენმა, რიჩარდ ჰადსონმა და მარკ ვეისიმ ახალ, 119-ე მოწვევის კონგრესს ხელახლა წარუდგინეს MEGOBARI აქტი. 

როგორც ჯო უილსონის პფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, "კანონპროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს დემოკრატიული პრაქტიკა, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა საქართველოში". 

"[MEGOBARI აქტი] კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს სიმტკიცეს, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და წინააღმდეგობა გაუწიოს მასზე ავტორიტარული რეჟიმების, კერძოდ, რუსეთის გავლენას". - წერია რელიზში. 

119-ე კონგრესის პირველ სხდომაზე უილსონი, კოენი, ჰადსონი და ვეისი კანონპროექტის შესახებ სიტყვით გამოვიდნენ. მათ ხაზი გაუსვეს MEGOBARI აქტის მიღების მნიშვნელობას, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ქართველი ხალხის მხარდაჭერის მიზნით. 

"ქართულ ენაზე 'megobari' ნიშნავს მეგობარს და ეს კანონპროექტი აჩვენებს აშშ-სა და ქართველ ხალხს შორის არსებულ ძლიერ თანამეგობრობას. ივანიშვილის რეჟიმს სურს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს თავისუფლებას. მე ვდგავარ ქართველი ხალხისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გვერდით და ვუერთდები მათ მოწოდებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ. ეს კანონპროექტი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს არჩევანს აძლევს, მიატოვონ მომავალი დიქტატორი ივანიშვილი ან დაუწესდეთ სანქციები. ჯერ კიდევ არის დრო, გადავარჩინოთ საქართველოს სუვერენიტეტი!" - ჯო უილსონი.

"კორუმპირებული ივანიშვილის და მისი ქართული კოშმარის პარტია საქართველოს რუსულ კოლონიად გადაქცევას ცდილობს. რეჟიმის ბოროტმოქმედები არბევენ და აპატიმრებენ მომიტინგეებს, რომლებიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოითხოვენ, ვინაიდან დამოუკიდებელი დამკვირვებლები ოქტომბრის ბოლოს ჩატარებულ არჩევნებს ფუნდამენტურად ხარვეზიანს უწოდებენ. ქართველი ხალხი ტრანსატლანტიკურ გზაზე დაბრუნებას მოითხოვს და ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. MEGOBARI აქტი ამ დახმარებას უზრუნველყოფს, ითვალისწინებს სანქციებს პუტინის პაიკების წინააღმდეგ და პირობას დებს პარტნიორობის გაღრმავებაზე, როგორც კი საქართველოს დემოკრატია და სუვერენიტეტი აღდგება". - სტივ კოენი.

"ვლადიმირ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს იზამს, რათა საქართველოში დემოკრატია შეარყიოს - ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. ეს კანონპროექტი განამტკიცებს აშშ-ს ერთგულებას ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ და ცხადყოფს, რომ ჩვენ არ შევეგუებით მათ თავისუფლებაზე თავდასხმას". - რიჩარდ ჰადსონი.

"აშშ და კონგრესი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით. საქართველოსთან ჩვენი მეგობრობა კრიტიკულ ნიშნულზეა და მისი ხალხი მამაცად იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის. MEGOBARI აქტი ახლა იმაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე - ეს არის მხარდაჭერის აუცილებელი აქტი, რათა დავეხმაროთ ჩვენს მოკავშირეებს საქართველოში, დაიცვან საკუთარი მომავალი და თავისუფლებები". - მარკ ვეისი.

რესპუბლიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონის მიერ 2024 წლის მაისში შემუშავებული MEGOBARI აქტი მოიცავს სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე, კურსის ცვლილების შემთხვევაში, სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას. კანონპროექტის შესახებ ცნობილი პირველად 20 მაისს გახდა.

კომენტარები