რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

"ეს მოსკოვის დიდი მარცხია" – ზელენსკი უკრაინის გავლით რუსული გაზის ექსპორტის განულებაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Andrew Kravchenko/Bloomberg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ უკრაინის გავლით ევროპისთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების ნულამდე დაყვანა მოსკოვის ერთ-ერთი უდიდესი მარცხია.

"როდესაც პუტინს 25-ზე მეტი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტობა შეხვდა, ყოველწლიურად უკრაინის გავლით ევროპაში ჯამში 130 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ბუნებრივი აირი გადიოდა. დღეს ეს ნულს უტოლდება. ეს მოსკოვის ერთ-ერთი უდიდესი მარცხია". - წერს ზელენსკი X-ზე.

ზელენსკის თქმით, რუსეთის მხრიდან ენერგიის იარაღად გამოყენებისა და პარტნიორების ცინიკურად დაშანტაჟების შედეგად, რუსეთმა ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ბაზარი დაკარგა.

გავრცელებულ პოსტში ზელენსკი ასევე იმედს ამყარებს ევროპაში ამერიკული ბუნებრივი აირის გაზრდილ მიწოდებაზე, რაც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, "პრეზიდენტ ტრამპს უკვე ნახსენები აქვს".

"რაც უფრო მეტი ბუნებრივი აირია ხელმისაწვდომი ბაზარზე ევროპის ნამდვილი პარტნიორებისგან, მით უფრო მალე გაქრება რუსეთზე ევროპის დამოკიდებულების დარჩენილი შედეგები". - წერს ზელენსკი.

კომენტარები