რუსი ჭადრაკის დიდოსტატი, დანიილ დუბოვი ნიუ იორკში სწრაფ ჭადრაკსა (რაპიდი) და ბლიცში 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პარტიაზე არ გამოცხადდა, რის გამოც მისმა მეტოქემ, ამერიკელმა დიდოსტატმა, ჰანს ნიმანმა ტექნიკური გამარჯვება მოიპოვა. დუბოვმა ნორვეგიულ მედია NRK-სთან საუბრისას თქვა, რომ შემთხვევით ჩაეძინა.
ჟურნალისტებთან საუბრისას დუბოვმა თქვა, რომ თამაშამდე თავის სასტუმროს ოთახში შევიდა, რათა მომზადებულიყო, მაგრამ შემთხვევით ჩაეძინა.
"როცა გავიღვიძე, უკვე ზედმეტად გვიანი იყო. არ გამიმართლა". - თქვა დუბოვმა.
კითხვაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი, ასეთ სიტუაციაში ჩაძინება, დუბოვმა თქვა, რომ "აშკარად ნიჭი" აქვს.
"არ ვიცი, აშკარად ნიჭი მაქვს". - თქვა დუბოვმა.
მისმა მეტოქემ, ჰანს ნიმანმა მიუთითა, რომ დუბოვს სინამდვილეში არ ჩაეძინა, არამედ ნიმანთან თამაშს თავი აარიდა და განაცხადა, რომ მზად არის, დუბოვთან ნებისმიერ პირობებში ბლიცის მატჩი ითამაშოს და მისი საცხოვრებლისა და მგზავრობის ფული დაფაროს. ნიმანის თქმით, წაგების შემთხვევაში ის დუბოვის არჩეულ საქველმოქმედო ორგანიზაციას 10 000 დოლარს გადაუხდის.
"სილაჩრე ხასიათის ნაკლებობაა. [...] სიხარულით ვეთამაშები დუბოვს ბლიცის მატჩს ნებისმიერ ვითარებაში. მისი მგზავრობის/საცხოვრებლის საფასურს გადავიხდი და მის მიერ შერჩეულ საქველმოქმედო ორგანიზაციას 10 000-ის ღირებულების ჯილდოს გადავუხდი, თუ გაიმარჯვებს". - წერს ნიმანი.
ბლიცი ჭადრაკის ვარიანტია, რომელშიც მოთამაშეს მატჩში სვლებისთვის ჯამში სამი წუთი და თითოეულ სვლაზე დამატებით ორი წამი ეძლევა.