ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული ოცნების ახალ რეპრესიულ კანონმდებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ "ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე" და სწორედ ამიტომ მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც აქციაზე სახის დაფარვისთვის პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება.
"ყველა ქვეყანაში, ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში, ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე.
როცა ცრემლსადენი გაზის გამოყენება ხდება, ხდება იმის გამო, რომ აქცია გასულია კანონიერი ჩარჩოებიდან. შესაბამისად, როცა ხდება სპეციალური საშუალების გამოყენება, ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანი უნდა წავიდეს სახლში და არა გაუწიოს უფრო მეტი წინააღმდეგობა და გადავიდეს შეტევაზე. ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე, ნიღბიანების აქცია მე არ გამიგია, სადაური წესი არის. ბევრი მიზეზი აქვს რატომაც არის ევროპის ქვეყნებშიც აკრძალული და ევროპას ეძახით რეპრესიულ სივრცეს?!" - თქვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ინაგუცურაციის დღესვე ხელი მოაწერა ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ ყველა კანონს. მათ შორის, დღეიდან აიკრძალა აქციაზე სახის ნიღბით, ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდება.
აქციაზე ლაზერის გამოყენებისთვის პირი ასევე 2 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო პიროტექნიკის ფლობისთვის 5 000.
ასევე "სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით".





