გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პროევროპული აქციებს მხარდაჭერას უცხადებს და ქართული ოცნების არჩეულ კურსსა და ავტორიტარულ პოლიტიკას აკრიტიკებს.
ბერბოკის განცხადებაში წერია, რომ ქართული ოცნების ავტორიტარული პოლიტიკისა და ევროპულ გზას ჩამოშორების გათვალისწინებით, ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესის ფორმალური შეჩერება უნდა განიხილოს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება რეფორმების პირობებს უკავშირდებოდა. მისივე თქმით, საპირისპიროდ, მმართველმა პარტიამ ავტორიტარული კურსი აირჩია და ხელიდან გაუშვა ისტორიული შესაძლებლობა, რომელსაც ქვეყანას ევროკავშირი სთავაზობდა.
ბერბოკი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლების კრიტიკას, დემონსტრანტებზე არაპროპორციულ ძალადობას, რუსული კანონის მიღებასა და LGBT უფლებების შეზღუდვას უსვამს ხაზს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქართული ოცნება საქართველო-გერმანიის პარტნიორობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ის ასევე საუბრობს გერმანიის მხრიდან უკვე გატარებულ ზომებზე, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერი 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტების შეჩერებაზე. მისივე თქმით, გერმანია ევროკავშირში პარტნიორებთან ერთად მმართველი პარტიის ლიდერებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასა და მიზნობრივი სანქციების დაწესებაზე მსჯელობენ.
ბებიები არ უშინდებიან მწარე ყინვას და უარს ამბობენ, რომ უსაფრთხოების ძალების ხელკეტებით დაშინდნენ. ახალგაზრდები, რომლებიც თავით ფეხებამდე დასველებულები არიან, წყლის ჭავლს მხოლოდ ევროპული დროშების დაცვით უდგებიან. ოპოზიციის ლიდერები, რომლებსაც სასტიკად სცემენ და მიათრევენ. უკვე კვირებია, რაც ათი ათასობით ქართველი საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გაბედულად აპროტესტებს როგორც უმცირეს სოფლებში, ისევე მსხვილ ქალაქებში.
ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ თავის ევროპულ გზაზე სვლა გააგრძელოს. ევროპა მათ გულებშია, პროევროპული აქციები მათი ხმა არის. თუმცა, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ლიდერები დაშინებით, ძალადობით და წყლის ჭავლებით პასუხობენ. ქართულმა ოცნებამ ევროპას ჩამოშორდა, გაყინა და, შესაბამისად, პრაქტიკულად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ქართული ოცნების ავტორიტარული პოლიტიკის გათვალისწინებით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ფორმალური შეჩერებაზე დებატი უნდა მოვაწყოთ.
2023 წლის დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ცხადი რეფორმის პირობებს უკავშირდებოდა. ქართული ოცნების ლიდერები ამას ყოველთვის აცნობიერებდნენ. თუმცა, პროგრესის ნაცვლად, საგანგაშო უკუსვლას ვხედავთ: არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები სერიოზულად აკრიტიკებენ, დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალადობა, ე.წ. გამჭვირვალობის კანონი ანდა LGBTQI+ უფლებების შეზღუდვა. ასე ქართული ოცნება ხელიდან უშვებს ისტორიულ შესაძლებლობას, რომელსაც ევროკავშირი ქვეყანას სთავაზობს.
ბოლო კვირებსა და თვეებში, ქართული ოცნების პარტიამ ქვეყანა ევროკავშირს ეტაპობრივად დააშორა, შესაბამისად საქართველოსა და გერმანიის ათწლეულების განმავლობაში არსებულ პარტნიორობას მსხვილი საფრთხის წინაშე აყენებს. შედეგად, ქვეყნის ხელისუფლებასთან ჩვენი თანამშრომლობა შევამცირეთ და 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების პროექტები შევაჩერეთ. პარალელურად, ჩვენს ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ მომდევნო ნაბიჯებს, ქართველი ლიდერებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებიდან დაწყებული მიზნობრივი სანქციებით დასრულებული.
ბურთი ქართული ოცნების ლიდერების მოედანზეა. ახლა მათზეა დამოკიდებული, რომ ყველაფერი გააკეთონ მასშტაბური პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ქართველ ხალხს მომავლისთვის რეალური პერსპექტივები შესთავაზონ - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ბრწყინვალე მომავალი ყველა ქართველისთვის.





