სამხრეთ კორეის ეროვნულმა ასამბლეამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, ჰან დუკ-სუს იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა.
ეს პირველი შემთხვევაა სამხრეთ კორეის ისტორიაში, როდესაც პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი.
ჰან დუკ-სუს იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუციის მიღების შემდეგ მოვალეობები შეუჩერდება, ხოლო პრემიერმინისტრის მოადგილე და ფინანსთა მინისტრი, ჩოი სანგ-მოკი მის ადგილს დაიკავებს და პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდება.
"ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და იმისთვის, რომ დაბნეულობა და გაურკვევლობა არ გავზარდო, რელევანტური კანონების შესაბამისად ჩემს მოვალეობებს შევაჩერებ და საკონსტიტუციო სასამართლოს სწრაფ და ბრძნულ გადაწყვეტილებას დავუცდი". - თქვა ჰან დუკ-სუმ.
300-კაციან ეროვნულმა ასამბლეაში იმპიჩმენტს 192-მა დელეგატმა მისცა ხმა. თუმცა, მმართველი პარტიის, ხალხის ძალის პარტიის დელეგატები გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.
მმართველი პარტიის დელეგატები ეროვნული ასამბლეის სპიკერის, ვუ ვონ-შიკის მიერ იმპიჩმენტის კვორუმად 151 ხმის, ანუ მარტივი უმრავლესობის, გამოცხადებას აკრიტიკებდნენ. მათი თქმით, ეს პრინციპი კაბინეტის მინისტრების იმპიჩმენტზე ვრცელდება და არა პრეზიდენტზე, რომლის იმპიჩმენტისთვისაც 200 ხმა, ანუ პარლამენტის ორი მესამედი, არის საჭირო.
იმპიჩმენტის კვორუმად მარტივი უმრავლესობის გამოცხადება ნიშნავდა, რომ იუნ სუკ იოლის შემთხვევისგან განსხვავებით, იმპიჩმენტისთვის მმართველი პარტიის არცერთი დელეგატის მხარდაჭერა არ იყო საჭირო.
პარლამენტის მიერ იმპიჩმენტის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ის 9-კაციანმა საკონსტიტუციო სასამართლომ ექვსი ხმით უნდა დაამტკიცოს, ამჟამად სამხრეთ კორეაში კი 6 საკონსტიტუციო მოსამართლეა, რაც ნიშნავს, რომ ერთი მოსამართლის წინააღმდეგობამაც შეიძლება ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილება გააბათილოს.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტის წინადადება მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, დემოკრატიულმა პარტიამ წარადგინა და გადაწყვეტილება ხუთი მიზეზით ახსნა. ოპოზიციის მიზეზებს შორის არის ჰან დუკ-სუს ჩართულობა პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების მცდელობაში და მისი უარი საკონსტიტუციო სასამართლოში დამატებითი მოსამართლეების დანიშვნის თაობაზე.
მანამდე, 14 დეკემბერს სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. პარლამენტის 300 დეპუტატიდან იმპიჩმენტის მომხრე 204 დეპუტატი, ხოლო წინააღმდეგი 85 იყო. ეს იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის მეორე მცდელობა იყო, მას შემდეგ რაც მან 3 დეკემბერს მოულოდნელად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. იუნ სოკ იოლმა გადაწყვეტილების მიზეზად ოპოზიციის მიერ "ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და გადატრიალების მცდელობის დაგეგმვა" დაასახელა.
"სამხედრო მდგომარეობის მიზანი პრო-ჩრდილოკორეული ძალების ამოძირკვა და თავისუფლების კონსტიტუციური წესრიგის დაცვაა" – თქვა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში.
იოლის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო პროცესი "მძევლად აიყვანეს" და მათ ქვეყნის კრიზისში ჩათრევა სურდათ.
ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტში მხარი არ დაუჭირა მთავრობის ბიუჯეტის წარმოდგენილ დოკუმენტს და მისი მკვეთრად შემცირება მოითხოვა. ასევე, პარტიამ სახელმწიფო აუდიტისა და გენერალური პროკურორის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა.





