ქართული ოცნების პრესამსახურის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ივანიშვილის პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
ივანიშვილის პრეზიდენტად, მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის შენობაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმოსნებმა 14 დეკემბერს, აირჩიეს.
ერდოღანი მისალოც წერილში ყაველაშვილს წარმატებებს უსურვებს და დარწმუნებულია, რომ ყაველაშვილის პრეზიდენტობის დროს, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა უფრო მეტად განვითარდება:
"პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტო, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. საქართველოსთან ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს.
გისურვებთ წარმატებებს ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადაში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თანხვედრაშია ჩვენს საგარეო ინტერესებთან და ემსახურება რეგიონში კეთილდღეობის უზრუნველყოფას.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კვლავ გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები. თქვენს აღმატებულებას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ხოლო მეგობარ საქართველოს ხალხს - აღორძინებასა და ბედნიერებას", - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ნათქვამია ერდოღანის მისალოც წერილში, რომელსაც ქართული ოცნების პრესსამსახური ავრცელებს.
ერდოღანამდე ყაველაშვილს გაპრეზიდენტება მიულოცეს, სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა, ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა და სომხეთის ლიდერებმა - პრემიერმა ფაშინიანმა და პრეზიდენტმა ხაჩატურიანმა.