ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებსა და კაია კალასს ესაუბრა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში, 18 დეკემბერი, 2024
European Parliament

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან სატელეფონო საუბარი გამართა.

"საქართველოს პრეზიდენტი ესაუბრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პეტრ პაველს, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსოს, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩს.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ კოლეგებს გააცნო ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება, რაც არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. შეთავაზება გულისხმობს შეხვედრას ორ მთავარ საკითხზე შესათანხმებლად, რაც არის ახალი არჩევნების თარიღი და ეუთო ოდირის დასკვნის საფუძველზე არჩევნებისთვის ახალი პირობების განსაზღვრა". - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

მანამდე, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ X-ზე დაწერა, რომ სატელეფონო საუბრისას მან პრეზიდენტ ზურაბიშვილს მხარდაჭერა დაუდასტურა და განაცხადა, რომ "ახალი არჩევნები საქართველოში არსებული კრიზისიდან გამოსავალია".

კომენტარები