აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა ამერიკელ პოლიტიკურ კომენტატორ ბენ შაპიროსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მათთვის, ვისაც ამერიკელი მძევლები ჰყავს აყვანილი, გადასახდელი საფასური უფრო მეტი იქნება, ვიდრე მიღებული სარგებელი.
ინტერვიუში უოლცმა აღნიშნა, რომ ამერიკის მოქალაქეობის მქონე ოთხი მძევალი იმაზე მეტხანს არიან ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ტყვეობაში, ვიდრე - 1979 წელს ირანის მძევლების კრიზისის დროს აყვანილი ამერიკელი მოქალაქეები.
"ეს სრულად მიუღებელია და ვფიქრობ, ზოგადად, საკმარისი შედეგები არასდროს არ ყოფილა. ამ ხალხთან საუბრისას ამაზეა საუბარი საჭირო. [თუ] ამერიკელს აიყვან [ტყვედ],... მთელი ჯოჯოხეთის გადახდა მოგიწევს. შენთვის არაფერი იქნება გარდა შედეგებისა ფინანსური კუთხით, და შესაძლოა ტყვიაც შენს წყეულ შუბლში". - თქვა მაიკ უოლცმა.
ტრამპის მომავალი მრჩევლის თქმით, თუკი წახალისება ხდება ცუდი ადამიანებისთვის, მეტი წაიღონ, რადგან ისინი უფრო და უფრო მეტს იღებენ, მაშინ ისინი ასეც გააგრძელებენ: "თუკი ცუდი ადამიანები არაფერს გრძნობენ გარდა საფასურისა და ტკივილისა ჩვენი ხალხის [მძევლად] აყვანისთვის, ისინი ამის გაკეთებას შეწყვეტენ".
შაპიროსთან ინტერვიუში უოლცმა ასევე ისრაელი და პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეაქო ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ მოწყობილი სპეცოპერაციისთვის, რომლის ფარგლებშიც ისრაელმა დაჯგუფების საკომუნიკაციო მოწყობილობები, მათ შორის, რაციები და პეიჯერები ააფეთქა.
ამასთანავე, უოლცის თქმით, ჰეზბოლასა და ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო მოქმედებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობას, მისი მოკავშირეების დასუსტებით.
ამას გარდა, ინტერვიუში ტრამპის მომავალმა მრჩეველმა 2021 წელს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომლის ფარგლებშიც აშშ-მ იემენელი ჰუსიტების დაჯგუფება უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციათა (FTO) სიიდან ამოიღო. უოლცმა პირობა დადო, რომ ამ გადაწყვეტილებას უკან წაიღებს.
უოლცმა ასევე ჩინეთთან მიმართებით შესაძლო სამომავლო პოლიტიკასა და ბოლო წლების გამოცდილებიდან მიღებულ გაკვეთილებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ერთ-ერთი გაკვეთილი, რაც უკრაინიდან უნდა ვისწავლოთ არის ის, რომ მოკავშირის შეიარაღება მას შემდეგ არ უნდა დაიწყო, როცა მას თავს დაესხმებიან. მანამდე უნდა შეაიარაღო, რათა [მტრის] შეჭრა აღკვეთო".
ხოლო ინტერვიუს დასაწყისში ტრამპის მომავალმა მრჩეველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის ინაუგურაციამდე გარდამავალი პერიოდი ამერიკის მტრებისთვის შესაძლებლობის წუთი არ არის:
"ჩვენს მტრებს ეს [გარდამავალი პერიოდი] შესაძლებლობის წუთად არ უნდა მიაჩნდეთ. დედას მამასთან ვერ დააპირისპირებ, ერთი ადმინისტრაციით მეორეზე ვერ ითამაშებ. მე რეგულარული კონტაქტი მაქვს ჩემს კოლეგა ჯეიკ სალივანთან. ყველაფერზე არ ვთანხმდებით, თავისთავად, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ ვკოორდინირებთ და ამის გაკეთებას გავაგრძელებთ 20 იანვრამდე [ტრამპის ინაუგურაციამდე]". - განაცხადა უოლცმა.
რა პოლიტიკას ემხრობა უსაფრთხოებაში ტრამპის მომავალი მრჩეველი უკრაინასთან მიმართებით