ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ენერგეტიკული პრობლემების გამო 11-იდან 17 დეკემბრამდე ოკუპირებულ რეგიონში სასწავლო პროცესი შეაჩერა.
"შეთავაზებას ვაკეთებთ, რომ დამატებითი არდადეგების პერიოდი ავიღოთ, შევატყობინოთ ჩვენს მასწავლებლებს, სკოლებისა და კოლეჯების დირექტორებს, საბავშვო სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, რომ მათ საგანმანათლებლო პროცესი გააკონტროლონ და ბავშვები სახლში მეცადინეობდნენ". - თქვა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ინალ გაბლიამ.
ამასთან, კრიპტო მაინინგის შესაჩერებლად ოკუპირებულ აფხაზეთში 00:00 საათიდან 07:00 საათამდე მომხმარებლებს ინტერნეტი გაეთიშებათ.
გარდა ამისა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას თქმით, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე კვლავ კრიტიკულ დონეზეა და ელექტრომომარაგების სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს, თუ მარიონეტული რეჟიმი რუსეთიდან ელექტროენერგიის ჭარბ გადინებას არ აანაზღაურებს.
"თუ ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ სიჭარბის გადახდა უზრუნველვყოთ, მოგვიწევს დავდგეთ სიტუაციის წინაშე, როდესაც ქვეყანა დღეში არაუმეტეს 2.5-3 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას მიიღებს და იძულებულები გავხდებით, ელექტროენერგიის გამოყენებაზე დამატებითი შეზღუდვები შემოვიღოთ". - თქვა ბგანბამ.
მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომისა და რუსულ-აფხაზური საინვესტიციო კანონის გაწვევის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს დაფინანსება თითქმის სრულად შეუწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული გამოცემა TACC ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ კომპანია Черноморэнерго-ს აღმასრულებელ დირექტორზე, თემურ ჯინჯოლიაზე დაყრდნობით ავრცელებდა ცნობას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ნოემბრის დასაწყისიდან მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ყოველდღიურად 4-4 საათით შეიზღუდებოდა.
ამჟამად, ენგურჰესი ერთადერთი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც აფხაზეთს ელექტროენერგიით ამარაგებს.