ბიზნესის წარმომადგენლები ირაკლი კობახიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში ხვდებიან. დახურული შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყო. ბიზნესმენებმა შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარები გააკეთეს.
"ჩვენს ბიზნესს სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა. ამისთვის თუ სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯი და ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი თუ სხვა რამ, უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი" - თქვა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ.
ქართული ოცნების მხარდამჭერი ბიზნესმენი, ნოშიკო ნამორაძე ჟურნალისტებთან საუბრისას მათ 12 წლის წინანდელ ვითარებას ახსენებს.
"თქვენ გინდათ, რომ ხვალ დადგეს ის დღე, რომ აგაწიოკონ. [...] თქვენ სად იყავით, რომელ ქვეყანაში ცხოვრობდით აქამდე? 12 წლის წინ სად იყავით? დაისვენა ქვეყანამ" - მიმართავს ნამორაძე ჟურნალისტს.
თბილვინოს დამფუძნებლის, გაგა მარგველაშვილის თქმით, კრიზისიდან გამოსვლის ორი გზა არსებობს, დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნები:
"ჩვენ ალბათ ვიკრიბებით აქ იმისათვის, რომ ვილაპარაკოთ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე.
ჩვენ, 2200-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელმა გავაკეთეთ ჩვენი განცხადება, საჯარო სივრცეში ეს ალბათ ყველამ იცის და ჩვენი გამოსავლის გზებიც იქ აღვნიშნეთ.
ეს არის დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები" - ამბობს მარგველაშვილი.
ნუტრიმაქსის მმართველი პარტნიორის, ბექა ბექაიას თმით, მთავარია, მოხდეს ვითარების დეესკალაცია და შეიძლება, არჩევნები იყოს ამის ერთ-ერთი გამოსავალი.
"პრემიერისგან დაველოდებით პასუხს, რა შეიძლება შეიცვალოს ქვეყანაში. როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია, როგორ უნდა შემცირდეს პოლარიზაცია, ბიზნესს, ქვეყანას რა შეიძლება ეშველოს.
რა თქმა უნდა, [ბიზნესი] რთულ მდგომარეობაშია. გარკვეული სექტორები დღესაც არიან პრობლემის ქვეშ. ქვეყანაში ტურისტი აღარ ჩამოდის, სტუმარმასპინძლობის სექტორი რთულ მდგომარეობაშია, ასევე გარკვეული სექტორები... და პერსპექტივა არ ჩანს. [...] ვფიქრობ, მთავარია მოხდეს დეესკალაცია. დეპოლარიზაცია, რადგან ასე შეუძლებელია ცხოვრება. შეიძლება, არჩევნები იყოს ამის ერთ-ერთი გამოსავალი. დაველოდებით რას იტყვის პრემიერი" - ნუტრიმაქსის მმართველი პარტნიორი, ბექა ბექაია.





