ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ - NGO-ები

რობოკოპები აკავებენ აქციის მონაწილეს, 1-ელი დეკემბერი, 2024

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების განცხადებით, აქციების დროს სამართალდამცველებმა დაკავებულებს პირად ნივთები უკანონოდ ჩამოართვეს და მათთვის ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ დღეს გააკეთა.

"დაკავებული ადამიანები, გარდა წამებისა, უკანონო დაკავების პრაქტიკისა, სამართლიანი სასამართლოთი ვერ სარგებლობისა და ა.შ. გამოიკვეთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უკავშირდება ნივთების ჩამორთმევის, მისაკუთრების უკანონო შემთხვევებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების დაცვის ქვეშ მყოფი არაერთი დაკავებულის ინფორმაციით, დაკავების შემდგომ მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის, ტელეფონები, ყურსასმენებით, ლეპტოპი, ჩანთა, სახლის და მანქანის გასაღებები, პირადობის მოწმობები, საფულე და სხვა. 

ზოგიერთი დაკავებულის განმარტებით, სამართალდამცავები მათ სთხოვდნენ ტელეფონის პაროლს უარის შემთხვევაში კი ძალადობდნენ მათზე. იყო შემთხვევები, როდესაც მობილური ტელეფონი დაკავებულს ჩამოართვეს განყოფილებაში, თუმცა გათავისუფლების შემდეგ ამ პირს არ დაუბრუნეს ნივთები. 

ნივთების ჩამორთმევაში გარკვეულ შემთხვევაში მონაწილეობდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები. განყოფილებებსა თუ დროებით მოთავსების იზოლატორებში დაკავებულების გადაყვანისას შესაბამისი დოკუმენტაციები როდესაც ფორმდებოდა, იქ არ იყო აღნიშნული ის ნივთები, რომელიც მათ უკანონოდ და თვითნებურად ჩამოართვეს, თუ გადაუყარეს.

აღსანიშნავია, რომ უმეტეს დაკავებულს ნივთები არ ჩამორთმევიათ კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი ცალკეულმა სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო გზით მიისაკუთრეს, ან დაკავებულთა დასჯის მიზნით გადაუყარეს, რათა მათ აღარ ჰქონოდათ ნივთების დაბრუნების შესაძლებლობა. 

ზოგიერთი დაზარალებულის განცხადებით, მათ პირადი ნივთები  და ტელეფონები ჩამოართვეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით. ზოგ შემთხვევაში კი დაზარალებულებმა შეძლეს მათი ტელეფონის ლოკაციის დადგენა. 

მაგალითად დაფიქსირდა გორში, იყო შემთხვევები, როდესაც ლოკაცია დადგინდა ისეთ ადმინისტრაციულ შენობებთან, როგორიცაა პარლამენტი", - თქვა ქურდოვანიძემ.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  • უფლებები საქართველო
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

როგორც ქურდოვანიძე განმარტავს, დაზარალებულებმა განცხადებით მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც და პირადი ნივთების დაბრუნება მოითხოვეს, თუმცა ამ დრომდე უწყების მხრიდან ფაქტზე რეაგირება არ ყოფილა.

ერთ-ერთი დაკავებულის განმარტებით, მისი ტელეფონი პოლიციელს საცხოვრებელ სახლში აქვს წაღებული. სამართალდამცავი იდენტიფიცირებულია, თუმცა საგამოძიებო არ რეაგირებს:

"შეამოწმეს ჩემი ყველა ჯიბე, ცდილობდნენ რომ ყველა ნივთი, რაც შეიძლება ღირებული ყოფილიყო წაერთმიათ. იმ შემთხვევაში, მე მხოლოდ ტელეფონი აღმომაჩნდა. ჩემი ტელეფონი თავდაპირველად გადაიტანეს ორთაჭალის შსს-ს შენობაში, თუმცა შემდეგ რომელიღაც სპეცრაზმელმა თუ პოლიციელმა გადაიტანა დიდ დიღომი, თავის საცხოვრებელ ბინაში, რომლის იდენტიფიცირებაც ტელევიზიებმა მოახდინეს, თუმცა როდესაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება, რეაგირებაა ნული" , - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული
 

კომენტარები