არჩევნები 2024

უახლესი ტყუილი, რომ ოდირმა არჩევნებს ლეგიტიმაცია მისცა, სიმართლეს ვერ დამალავს – კოლსი

ლატვიელი ევროპარლამენტარის, რიჰარდს კოლსის თქმითქართული ოცნების ტყუილი, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა 26 ოქტომბრის არჩევნებს ლეგიტიმაციას ანიჭებს, ხარვეზების შესახებ სიმართლეს ვერ დამალავს. კოლსი წერს, არჩევნები ამომრჩეველთა დაშინების, ძალადობისა და სისტემური მანიპულაციის ფონზე ჩატარდა.

"ტყუილები იზრდება, სანამ თავიანთ მომგონებს მთლიანად არ გადაყლაპავენ. ქართული ოცნების უახლესი გამოგონება - მტკიცება, რომ ეუთო/ოდირმა ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია მიანიჭა -  ვერ დამალავს სიმართლეს: ამომრჩევლების დაშინებას, ძალადობასა და სისტემურ მანიპულაციას". - წერს კოლსი.

ევროპარლამენტარი ქართული ოცნების ქმედებებს საკონსტიტუციო გადატრიალებად აფასებს და საერთაშორისო საზოგადოებას ქართველი ხალხის გვერდით დგომისაკენ და ახალი არჩევნების მოთხოვნისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ქართველი ხალხის ერთადერთი ლეგიტიმური ხმა სალომე ზურაბიშვილია. 

ეს არ არის დემოკრატია, ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება. საერთაშორისო საზოგადოებამ ქართველი ხალხის გვერდით დგომა და ახალი არჩევნების მოთხოვნა უნდა გააგრძელოს, რათა აღადგინოს საქართველოს გზა თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ. ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ ხმად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რჩება. 

კოლსი მიუთითებს, რომ ქართული ოცნების რიტორიკული ხერხები საბჭოურია და აღნიშნავს, რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. 

"ძველი საბჭოური ჩვევები ძნელად კვდება, მაგრამ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. ყოველთვის". - წერს კოლსი. 

კოლსმა განცხადებას თან დაურთო ივანიშვილის ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარეის, შალვა პაპუაშვილის განცხადება. პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნამ სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო სექტორი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 5 მთავარ ტყუილში ამხილა.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირმა 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებზე ვრცელი დასკვნა წარადგინა, მათი განცხადებით, მას არ აქვს მანდატი, აღიაროს ან არ აღიაროს არჩევნები და წერს, რომ არჩევნების ხარისხი ამომრჩეველმა უნდა განსაჯოს.

პრესრელიზში წერია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეზღუდული იყო "ამომრჩეველთა ნაწილის უნარი, რომ ხმა სასჯელის შიშის გარეშე მიეცა". 

პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა ამომრჩევლების ზეწოლის, საარჩევნო პროცესში მონაწილე ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯებისა და "ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ბოლო დროს მიღებული კანონის გავლენის შესახებ სერიოზული შეშფოთებების" ფონზე. 

კომენტარები