ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს თქმით, მან საქართველოს 13 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
"ეს იყო ჩემი პრივილეგია და უფლება, როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ასე რომ მე ეს გამოვიყენე.
პერსონა ნონ გრატად გამოვაცხადე საქართველოს 13 მოქალაქე, რომლებსაც დამნაშავედ მივიჩნევთ მშვიდობიანი დემონსტრანტების რეპრესირებაში - მათ ლატვიაში შესვლა აეკრძალებათ.
სანქციების საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ევროკავშირში გადავინაცვლებთ, რადგან ევროკავშირი უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა გლობალურ მექანიზმებს და ითვალისწინებს ამ შესაძლებლობას". - თქვა ბრაჟემ
აქამდე, 15 დეკემბერს ესტონეთმა ქართული ოცნების რეჟიმის დამატებით 14 პირს დაუწესა სანქციები. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სანქცირებულთა შორის არის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.
ასევე 15 დეკემბერს, ესტონეთის შემდეგ, ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები ლიტვამაც გააფართოვა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის თქმით, სანქციები ივანიშვილის დამატებით 17 პოლიტიკოსს, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს დაუწესდა.
19 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა ივანიშვილის შსს-ს მაღალჩინოსნები დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში მიზეზად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერბის შემდგომ დაწყებულ პროტესტებეზე, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა სახელდება.
სანქციები ითვალისწინებს, როგორც სავიზო, ისევე ეკონომიკურ სანქციებს.
სანქცირებულთა სრული სია:
- ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი
- ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
- სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
- ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება") - გდდ-ს ხელმძღვანელი
- მილერი ლაგაზაური - გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე