საქართველო-ჩინეთი

აშშ-ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გომელაური ჩინეთის ელჩს შეხვდა

აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ვახტანგ გომელაური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს - ჭოუ ციენს შეხვდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ საგარეო-პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა. 

შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ჭოუ ციენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერისა და ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა" - აცხადებს შსს.


აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას მოადგილეს, მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები მაგნიტსკის აქტის ფარგლებში დაუწესა

"მაგნიტსკის სიით" გათვალისწინებული სანქციები მიზნად ისახავს ადამიანების უფლებების დარღვევის ან კორუფციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს. 

19 დეკემბერს ივანიშვილის შსს-ს მაღალჩინოსნები დიდმა ბრიტანეთმაც დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში მიზეზად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდგომ დაწყებულ პროტესტებზე, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა სახელდება. სანქციები ითვალისწინებს, როგორც სავიზო, ისევე ეკონომიკურ სანქციებს.

კომენტარები