რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს, რომ 20 დეკემბერს ევროპული კომისია წინადადებით გამოვა საქართველოს დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ.
"ევროკავშირის ფინალური სამიტის პრესკონფერენციაზე (კოსტას, ორბანისა და ფონ დერ ლაიენის მონაწილეობით) არ უსაუბრიათ საქართველოზე. [...]
ხვალ ევროპული კომისია წინადადებით გამოვა საქართველოს დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ". - წერს იოზვიაკი X-ზე.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა 16 დეკემბერს განაცხადა, რომ ევროპული საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე შეთანხმდა, ევროკომისია კი ამაზე წინადადებას წელსვე წარადგენდა.
ამის შესახებ კალასმა EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების 16 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
"სიტუაცია ქართველი ხალხისთვის დადებითი მიმართულებით არ ვითარდება, დემოკრატიები არ ჩაგრავენ ოპოზიციურ ხმებს და მედიის თავისუფლებას არ ზღუდავენ.
საპასუხოდ, პოლიტიკური კონტაქტები შევზღუდეთ და საქართველოს ხელისუფლების დაფინანსება შევწყვიტეთ. დღეს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე შევთანხმდით და კომისია ამაზე წინადადებას უკვე ამ წელს წარადგენს". - თქვა კალასმა.