ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ვაშაძე: ჩვენი ინფორმაციით, თბილისში ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი ჩამოვა

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, საქართველოში ევროპის საბჭოს წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის პრევენციის კომიტეტი (CPT) ჩამოვა, რომელიც, მისივე განცხადებით, იმ წამების ფაქტებს შეისწავლის, რაც რეჟიმმა მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების მიმართ ჩაიდინა.

ეს განცხადება ვაშაძემ ევროსაბჭოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ვაშაძემ იმ სხვა საკითხების შესახებაც ისაუბრა, რაც, მისივე თქმით, მან და მისმა თანაგუნდელებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან განიხილეს.

"მისი მხრიდან მკაფიო განცხადება გაკეთდა, რომ ის აქ არანაირ ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით არ ჩამოსულა და თვითმარქვია რეჟიმის ლეგიტიმაციას ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს [...] ის არ აპირებს, რომ მიხელ ყაველაშვილს შეხვდეს [...] ჩვენი ინფორმაციით, აუცილებლად ჩამოვა წამების კომიტეტი, რომელიც დამატებით შეისწავლის იმ ბრუტალური წამების ფაქტებს, რაც ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა [...] წამების კონკრეტული საქმეებითაც დაინტერესდნენ". - თქვა ვაშაძემ.

დღეს, 19 დეკემბერს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე დელეგაციასთან ერთად უკვე შეხვდა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. ამ დროისთვის კი ისინი კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრებს ხვდებიან.

კომენტარები