ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ბრიტანეთის ყოფილი ელჩი: დასავლეთი ინანებს ქართველი ხალხის რუსეთის კლანჭებში მიტოვებას

ტაბულა

გამოცემა Byline Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დიდი ბრიტანეთის ყოფილი დიპლომატი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი საქართველოში ბრიტანეთის ელჩად მუშაობის პერიოდს იხსენებს. იგი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში საქართველოს დასავლური კურსი შეჩერდა და ამატებს, რომ დასავლეთმა საქართველოს ხალხის მისწრაფებები უფრო აქტიურად უნდა დაიცვას:

"თუ დასავლეთი გააგრძელებს თვალის დახუჭვას საქართველოს დემოკრატიის გაუარესებასა და მის რუსეთისკენ სვლაზე, ეს [დასავლეთის] უდიდესი შეცდომა იქნება. საქართველო რუსული გავლენის ზონაში დაბრუნდება, რაც დასავლეთსაც მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის". - წერს ჰოლი.

სტატიაში ასევე საუბარია 2015 წლის საქართველო-დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე, რომელსაც ყოფილი ბრიტანელი დიპლომატის, ოლივერ უორდროპის პატივსაცემად "უორდროპის დიალოგი" დაერქვა. უორდროპი 1919 წელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ბრიტანელი ხელმძღვანელი კომისარი იყო.

ჰოლ ჰოლი სტატიაში ხაზს უსვამს, რომ "ამ შეთანხმებამ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წარმატებები მოიტანა, განსაკუთრებით უსაფრთხოების, ეკონომიკისა და კარგი მმართველობის მიმართულებით".

ამას გარდა, ბრიტანეთის ყოფილი ელჩის თქმით, ქვეყნის დასავლური კურსის შენარჩუნების მიზნით, ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა: "ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით უსაფრთხოების სფეროში, ვეხმარებოდით საქართველოს სამხედრო ძალების გადამზადებასა და თბილისში თანამედროვე უსაფრთხოების ცენტრის შექმნაში".

ჰოლ ჰოლი ასევე წერს, რომ ბრიტანეთი საქართველოს კომუნიკაციის სფეროშიც წვრთნიდა, რათა ქვეყანა უკეთ მომზადებული ყოფილიყო რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. თუმცა, მისივე თქმით, "ამჟამინდელი ხელისუფლება მიზანმიმართულად ანადგურებს ამ მიღწევებს და საქართველოს ევროპულ მომავალს".

სტატია ხაზგასმულია ისიც, რომ რომ ბრიტანეთი საქართველოს წარმომადგენლებს, მათ შორის პრემიერმინისტრსა და მთავრობას, სთავაზობდა კომუნიკაციის სფეროში ტრენინგებს, რომლებიც მიზნად ისახავდა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის გაძლიერებას და ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული სანდო ინფორმაციის გავრცელებას. თუმცა, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ქვეყნის ევროპული კურსი მნიშვნელოვნად შეცვალა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკან დაიხია ევროკავშირისაკენ ინტეგრაციის კუთხით და რუსეთთან უფრო მჭიდროდ დაახლოვდა, რის მაგალითადაც მას 2024 წლის გაზაფხულზე მიღებული რუსული კანონი, იგივე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მოჰყავს, რაც, მისი თქმით, ევროკავშირის ინტეგრაციასთან შეუთავსებელი ნაბიჯია.

ის ასევე, ნოემბრის თვეში ქვეყანაში გამწვავებულ კრიზისზე საუბრობს, როდესაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებს. ამ განცხადებას თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, სადაც პოლიციელები პროტესტის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდნენ.

"თუ დასავლეთი ქართველ ხალხს, თუ მათთვის ყველაზე რთულ დროს, საკმარისად არ დაეხმარება, ეს რუსეთის ნარატივს, რომ კრიტიკულ მომენტში დასავლეთს ვერ ენდობი და საქართველოს და მის მსგავს ქვეყნებს მოსკოვთან შერიგების გარდა სხვა გზა არ აქვთ, კიდევ უფრო გააძლიერებს". - წერს ყოფილი ბრიტანეთის ელჩი. 

კომენტარები