საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 18 დეკემბერს, თბილისის დროით 11:30 საათზე, სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვა და ევროპარლამენტარებს მიმართავს.
ევროპარლამენტის პრესრელიზის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი ბოლო წლებში ქართული ოცნების მიმართ მკაცრი კრიტიკით გამოირჩეოდა.
"ზურაბიშვილმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს, განაცხადა, რომ არჩევნები იყო თაღლითური და ის ეფექტურად მოიპარეს" - წერია პრესრელიზში.
ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს ეწურება და საქართველოს ახალმა პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მის მემკვიდრედ მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა.
პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია და ევროპარლამენტის მკაცრი პოზიცია აჩვენებს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები კიდევ უფრო სერიოზულ სახეს იღებს.
"28 ნოემბერს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტარებმა უარყვეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგი და მოითხოვეს მათი ხელახალი ჩატარება წლის განმავლობაში" - ვკითხულობთ ევროპარლამენტის პრესრელიზში.