ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოზე მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ლატვიის საგარეოს მიხედვით, "16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო შეთანხმდა, გააგრძელოს სავიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის".
"ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობას ჰქონდა საერთო გაგება იმ საჭიროებაზე, რომ დაწესდეს მოგზაურობის აკრძალვა ასევე პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან [საქართველოში] მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნები გამონახავენ გზებს, რომ [ქვეყანაში] შესვლაზე შეზღუდვები ეროვნულ დონეზე დააწესონ". - წერია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტში, რომელიც X-ზე გავრცელდა.
გუშინ, 16 დეკემბერს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა თქვა, რომ ევროპული საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე შეთანხმდა, ევროკომისია კი ამაზე წინადადებას წელსვე წარადგენს.





