ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა რუსეთს მოუწოდა, სირიელი ამბოხებულების დაჯგუფება, ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი (HTS), რომელმაც დეკემბრის დასაწყისში ქვეყანაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხო, ტერორისტულ და ექსტრემისტულ ორგანიზაციათა სიიდან ამოიღოს.
"პოზიტიური პროცესის დასაწყებად მნიშვნელოვანია, HTS-ისა და მისი წარმომადგენლების რუსეთის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიიდან ამოღების პროცედურა წამოვიწყოთ". - წერს კადიროვი Telegram-ზე.
ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის ტერორისტთა სიიდან ამოღების გარდა, ჩეჩნეთის ლიდერმა რუსეთს მოუწოდა, დაჯგუფებასთან კონტაქტი დაამყაროს და სირიაში "ჰუმანიტარული" საკითხები მოაგვაროს.
სირიაში ასადის რეჟიმის დამხობამდე ერთი დღით ადრე რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სირიაში, მისი თქმით, ტერორისტული დაჯგუფებებისთვის ტერიტორიების დაპყრობის საშუალების მიცემა "მიუღებელია".
ხოლო ბაშარ ალ-ასადი რუსეთში გაქცევის შემდეგ გაკეთებულ პირველ განცხადებაში, რომელშიც იგი ძალაუფლებაში ყოფნის ბოლო დღეზე ლაპარაკობს, წერს, რომ "როდესაც სახელმწიფო ტერორიზმის ხელებში ვარდება და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის უნარი იკარგება, ნებისმიერი თანამდებობა აზრსმოკლებული ხდება, რითაც მის დაკავებას მნიშვნელობა ეკარგება".
8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს.
ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ასადი ქვეყნიდან გაიქცა და მოსკოვში ოჯახთან ერთად ჩავიდა.
ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი (HTS) ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ.
აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და სხვა ქვეყნებს HTS ტერორისტულ დაჯგუფებათა სიაში ჰყავთ შეყვანილი, ხოლო ამერიკას ალ-ჯოლანიზე $10-მილიონიანი ჯილდო აქვს დაწესებული.