ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

სიცოცხლის მოსპობით მემუქრებიან და ჩემი ქვეყანა არ მიცავს - აქტივისტი თორნიკე მსხილაძე

თორნიკე მსხილაძე

აქტივისტმა თორნიკე მსხილაძემ ტაბულასთან ისაუბრა იმ მუქარების შესახებ, რომლებსაც უკვე რამდენიმე დღეა, ე.წ. ტიტუშკების მხრიდან იღებს. მსხილაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ხოლო ამაზე პოლიცია არ რეაგირებს.

თორნიკე მსხილაძე ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ის 10 დეკემბერს, გამთენიისას პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე დააკავა მომხდარის ამსახველი ვიდეოები მედიაშიც გავრცელდა. აქტივისტი იმავე დღეს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

მსხილაძის თქმით, ის რამდენჯერმე დაუკავშირდა პოლიციას და გენერალურ ინსპექციას მუქარებთან დაკავშირებით, თუმცა, შესაბამისი რეაგირება სამართალდამცავი უწყებიდან ვერ მიიღო. აქტივისტი ფიქრობს, რომ "პოლიცია კრიმინალთანაა შეკრული". 

"ეს არის ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობაზე მუქარები. ეს ადამიანი, [რომელიც მემუქრება] არის გიორგი გურაბანიძე - "რატის ბარის" ტიტუშკებიდან ერთ-ერთი. მასზე როდესაც დავპოსტე, ბევრმა მომწერა, რომ შემჩნეულია აქციებზე მოსვლასა და იქ ხალხის გამოწვევაში, ბევრ ხალხთან ერთად დადის ხოლმე. 

მწერს ფეისბუქზე, მაგინებს, მირეკავს მესენჯერში და მემუქრება - "ხორცებს აგაცლი და გაჭმევ". ასეთი ბევრია რატის ბარში შეკრებილი. 

ვიცი, რომ პოლიცია ამათ უკან დგას, რადგან ზუსტად 8-ჯერ დავრეკე 112-ში და ასევე გენერალურ ინსპექციაში. მხოლოდ ერთხელ, პირველი ზარის შემდეგ დამიკავშირდნენ ვაკის პოლიციიდან - გავაფრთხილე, რომ ეს საჩქაროა, რადგან ისე მემუქრებოდნენ, რომ შეიძლებოდა, ამას სისხლისღვრა მოჰყოლოდა. 

მინდა, რომ პოლიციამ იმოქმედოს, მაგრამ, როგორც ჩანს, პოლიცია შეკრულია კრიმინალთან. ეს უკვე დიდი ხანია, დავინახეთ. ეს გამოჩნდა მაშინ, როდესაც პოლიციამ გააცილა "ტიტუშკები", რომლებიც ჟურნალისტების თავზე ხტუნავდნენ. ეს ძალიან დიდ ლაქად დარჩება. ძალიან დიდი დრო დასჭირდებათ, რომ აღიდგინონ ხალხის ნდობა. [...]

ვიღებ მუქარებს და მათ [პოლიციას] ეს არ აინტერესებთ. ეს ადამიანი რომ დამხვდეს და რაიმე სისხლისღვრა მოხდეს, მერე მე უნდა წავიდე ისევ ციხეში და ამიტომ ვცდილობ, რაღაცნაირად დამიცვას ქვეყანამ, მაგრამ ჩემი ქვეყანა მე არ მიცავს. საკუთარი თავდაცვა მე ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ მერე ისევ მე უნდა მომედავონ. 

მინდა, ყველაფერი მოხდეს კანონის ფარგლებში, რის საშუალებასაც საქართველოს პოლიცია არ მაძლევს" - ამბობს თორნიკე მსხილაძე ტაბულასთან.

კომენტარები