ღია საზოგადოების ფონდის იურისტი, საბა ბრაჭველი ტაბულას მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ესაუბრა, რომლის თანახმადაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება.
ბრაჭველის განმარტებით, კანონში შეტანილი ცვლილებით საჯარო სამსახურებში დეპარტამენტის უფროსებსა და მოადგილეებს არსებული უვადო შრომითი ხელშეკრულების შინაარსი უწყდებათ და გადადიან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებზე. შესაბამისად, კანონის 27-ე პირველ მუხლში გათვალისწინებული მოთხოვნა საჯარო მოხელეებისადმი ქართული ენის ცოდნის შესახებ აღარ გავრცელდება მათზე, ვინაიდან ისინი უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან.
იურისტის ცნობითვე, ვინაიდან დეპარტამენტების უფროსებისა და მოადგილეების შრომითი ხელშეკრულებები უვადო აღარ იქნება და მათი ვადა "უწყების ხელმძღვანელის ვადაზე იქნება მიბმული, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირი შეიძლება იყოს", ეს ერთგვარ პოლიტიკურ მოტივაციას მისცემს საჯარო მოხელეებს, სამსახურის შენარჩუნების მიზნით, მოქმედი პარტია დარჩეს ხელისუფლებაში.
შესაბამისად, ბრაჭველის შეფასებით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების მთავარი მიზანი არა ქართული ენის არმცოდნე პირებისთვის საჯარო პოზიციებზე დასაქმების უფლების მიცემაა, არამედ ის, რომ "ხალხი პარტიულ მუშაკებად აქციონ - საჯარო მოხელის ნაცვლად".
წაიკითხეთ ბრაჭველის სრული განმარტება:
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებული უამრავი ცვლილებიდან ერთ-ერთი არის ის, რომ დეპარტამენტის უფროსებსა და მოადგილეებს უწყდებათ შრომითი ხელშეკრულების შინაარსი, ანუ შრომითი ხელშეკრულება აღარ გამოდის დადებული უვადოდ და გადადიან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებზე. ანუ, მათი ვადა არის მიბმული უწყების ხელმძღვანელის ვადაზე, რომელიც შეიძლება იყოს პოლიტიკური თანამდებობის პირი - იმ ადამიანის გადადგომა ამათ გადადგომას იწვევს და ა.შ. ეს გაკეთებული არის იმისთვის, რომ პოლიტიკური ინცენტივა ჰქონდეთ საჯარო მოხელეებს, რომ დარჩეს მოქმედი პარტია ხელისუფლებაში.
ამის გვერდითი მოვლენა არის ის, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 27-ე პირველი და 27-ე მეორე მუხლები ადგენენ, რა ვალდებულება ეკისრებათ, რა ელემენტარულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ საჯარო მოხელეები და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
საჯარო მოხელეებზე წერია, რომ ენა უნდა იცოდნენ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე ეს არ წერია. ანუ, 27-ე პირველში წერია, რომელიც ვრცელდებოდა საჯარო მოხელეებზე, 27-ე მეორეში არ წერია. აწი, დეპარტამენტის უფროსებსა და მოადგილეებზე ვრცელდება არა 27-ე პირველი, არამედ 27-ე მეორე ჩანაწერი, რაც ნიშნავს იმას, რომ ფორმალურად ამ ხალხს ენის ცოდნა აღარ მოეთხოვება.
ამ კანონში ასევე არის მეხუთე მუხლი, რომელიც ადგენს ზოგად წესს, რომ საჯარო მოხელემ უნდა იცოდეს ქართული ენა, მაგრამ, როგორც ვახსენე, ეს საჯარო მოხელეები აღარ იქნებიან, ამიტომ ეგ აღარ ვრცელდება. არის კიდევ ერთი ჩანაწერი სახელმწიფო ენის სტატუსის შესახებ კანონში, სადაც წერია, რომ საჯარო მოსამსახურემ უნდა იცოდეს ქართული ენა. [ტერმინი] საჯარო მოსამსახურე კი მოიცავს როგორც საჯარო მოხელეს, ისე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, შესაბამისად, ეს კანონი ტოვებს ამ ვალდებულებას უფროსებსა და მოადგილეებზე, რომ ქართული ენა იცოდნენ, მაგრამ ეს კანონი არის უბრალოდ დეკლარაციული ხასიათის. მანდედან ვალდებულებები არ წარმოიშვება, არც სანქციებს ითვალისწინებს, ამიტომ ეს კანონი გინდა გქონია, გინდა არა.
ჩემი მოკრძალებული აზრით, მგონია, რომ გამორჩათ მართლა დიდი მავნებლობის გაკეთებისას, რაც არის საჯარო სამსახურის ისეთი რეფორმა, რომ ეს ხალხი აქციონ პარტიულ მუშაკებად საჯარო მოხელის ნაცვლად.
უფრო დიდი პრობლემა სხვა ცვლილებებია, რომლებიც ამ რეფორმის ფარგლებში გაკეთდა.