იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებას, თანმდევ პროექტებთან ერთად, 4 მარტს I მოსმენით მხარი დაუჭირა.
ცვლილებებით შემოღებული იქნება ახალი ცნება - სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი, რომელიც მოიცავს ცალკეული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს.
საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ კანონიდან ამოღებული იქნება ნორმა, რომელიც გულისხმობს გამარტივებული კონკურსის საფუძველზე შესაბამისი სსიპ-ის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების დანიშვნას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის თქმით, ცვლილების შედეგად, აღნიშნულ თანამდებობებზე პირების დანიშვნა შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს ან იმ უწყების ხელმძღვანელის პრეროგატივა იქნება, რომლის მმართველობის სფეროშიც შედის ესა თუ ის კონკრეტული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
"ამ ცვლილებათა პაკეტით არის შემოთავაზებული შემდეგი ძირითადი პრინციპული საკითხები:
საჯარო მოსამსახურის მიერ დამატებითი საქმიანობის განხორციელება, რომელიც უკავშირდება საგანმანათლებლო-შემოქმედებით სფეროს, მოხდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობით.
[...] საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით არ ხდება დამატებითი შეზღუდვის დაწესება იმ არეალთან მიმართებით, რომელიც დღეს ზოგადად არის დასაშვები საჯარო მოხელისთვის, უბრალოდ შემოდის რეჟიმი წერილობითი თანხმობის გაცემისა და ამის შემდეგ შესაბამისი საქმიანობის განხორციელების შესახებ. რაც პრინციპში, ისედაც ასე ხორციელდებოდა, მაგალითად, თუ პირი გეგმავდა, რომ წაეკითხა ლექციები უნივერსიტეტში, ტრადიციულად, ზეპირსიტყვიერი შეთანხმება ხდებოდა შესაბამის ხელმძღვანელ პირთან.
ზოგადად, საჯარო მოსამსახურეებს, აქვთ უფლება კანონით დაშვებული სხვა სარგებლის მიღებისა. ამ შემთხვევაშიც შემოდის პრინციპი, რომ ამგვარი სარგებლის მიღებასთან მიმართებითაც უნდა იყოს სათანადო წერილობითი თანხმობა ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული.
[...] ასევე, საჯარო სამსახურში და სსსიპ-ებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან მიმართებითაც დამატებითი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებაზეც იქნება თანხმობის კომპონენტი შემოტანილი.
რაც შეეხება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, [...] ეს პირები არიან საგამონაკლისო რიცხვში და აქ თანხმობის ინსტიტუტი არ იქნება აქტუალური.
და ბოლოს, მოსამართლეთა კორპუსთან დაკავშირებით, მინდა შეგახსენოთ, რომ სასამართლო ხელისუფლებასთან მოქმედებს თვითორგანიზების პრინციპი, რასაც გააჩნია კონსტიტუციური საწყისი და ახლა შემოდის სტანდარტი, რომ თუ საქმე გვაქვს საერთო სასამართლოს მოსამართლეებთან, სათანადო თანხმობის გაცემა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა, ხოლო საკონსტიტუციოს მოსამართლეებთან დაკავშირებით იმსჯელოს და თანხმობა გასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა.
ამ ცვლილებათა პაკეტის მიღების შემთხვევაში კიდევ უფრო ამაღლდება სტანდარტი კეთილსინდისიერი მსახურებისა და გაჩნდება კიდევ უფრო მძლავრი სამართლებრივი გარანტიები, რათა საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან მოხდეს მათი უფლება-მოვალეობების კიდევ უფრო ჯეროვნად შესრულება". - თქვა ჭეიშვილმა.





