შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1998 წელს დაბადებული მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს და მას 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული გ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, თანმხლებ პირებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული 7 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა დააზიანა. პოლიციამ გ.ხ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში დააკავა". - წერია შსს-ს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 დეკემბრის განცხადებით, აქციების ფარგლებში ჯამში 400-ზე მეტი პირია დაკავებული, აქედან 372 - ადმინისტრაციულით.





