ბაშარ ალ-ასადი

Bloomberg: ასადი რუსეთმა დაარწმუნა, რომ სირიიდან გაქცეულიყო

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ნატყვიარი პლაკატი ჰამაში მეამბოხეების მიერ ქალაქის დაკავების შემდეგ
AP Photo/Omar Albam

გამოცემა Bloomberg ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სირიის ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი სირიიდან გაქცევაში რუსეთმა დაარწმუნა და მისი და მისი ოჯახის უსაფრთხო მგზავრობა უზრუნველყო.

როგორც გამოცემა საკუთარ წყაროებზე დარყდნობით წერს, რუსეთმა ასადი დაარწმუნა, რომ მისი რეჟიმი ამბოხებულებს ვერ გაუმკლავდებოდა და მათთან დაპირისპირებას წააგებდა.

Bloomberg-ის თანახმად, ასადის გაქცევა რუსეთის დაზვერვამ მოაწყო. გამოცემა წერს, რომ ასადი რუსეთში აგენტებმა სირიაში მდებარე რუსული ავიაბაზიდან თვითმფრინავით გადაიყვანეს, რომელსაც გადამცემ-მოპასუხე გამოურთეს, რათა მისი მოძრაობა დაემალათ.

თავდაპირველად, რუსეთს მეამბოხეების წინააღმდეგ იერიშები მიჰქონდა. თუმცა, გამოცემის თანახმად, ამბოხებულების მიერ ალეპოს აღების შემდეგ ჰამას რამდენიმე დღეში დაკავებისა და ასადის ძალების მხრიდან წინააღმდეგობის ნაკლებობის ფონზე, რუსეთმა დაასკვნა, რომ რეჟიმს ვერ დაიცავდა. 

კრემლთან დაახლოებულმა პირმა Bloomberg-თან საუბრისას თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ახსნა-განმარტებას ითხოვს იმის შესახებ, თუ რატომ ვერ შეამჩნია ასადის რეჟიმის წინაშე არსებული საფრთხე რუსეთის დაზვერვამ, სანამ ეს გვიანი იქნებოდა. 

სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. 

8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს. 

ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ასადი ქვეყნიდან გაიქცა და მოსკოვში ოჯახთან ერთად ჩავიდა. 

ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი (HTS) ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ. 

თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები დაპირისპირებულები არიან ამბოხებულ ქურთებთან, რომლებიც სირიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებენ.

კომენტარები