ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

HRW: EU-მ ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები დაგმო, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების დროა

კადრი ვიდეოდან/ტელეკომპანია პირველი

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch 16 დეკემბერს დაგეგმილი EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე მათ მოუწოდებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა კრიზისის გაღრმავების შესაფერხებლად ხელისუფლების წინააღმდეგ კონკრეტული ზომები მიიღონ და მთავრობის მხრიდან ძალადობის, თვითნებური დაკავებებისა და სასტიკი მოპყრობისა და წამების მზარდი მტკიცებულებების დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვონ. 

HRW ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ასევე მოუწოდებს, რომ მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების სანქცირებისთვის კონსენსუსს მიაღწიონ, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და დიპლომატებს შენგენის სავიზო მოთხოვნები დაუწესონ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ნაბიჯები, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის პარალელურად უნდა გადაიდგას. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც 16 დეკემბერს საქართველოს განსახილველად იკრიბებიან, ქვეყანაში უკვე მეორე კვირაში მიმდინარე მშვიდობიანი მთავრობის საწინააღმდეგო აქციების მკაცრი ჩახშობის დამოუკიდებელი გამოძიებისკენ უნდა მოუწოდონ. 

ქვეყნის პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის ფონზე პროტესტებზე მთავრობის უმოწყალო პასუხი შეიცავს რისკს, რომ საქართველო ადამიანის უფლებათა კრიზისში კიდევ უფრო გადაეშვას. 

ქვეყნის მასშტაბით, მთავრობის გადაწყვეტილებას, საქართველოს EU-ში გაწევრიანება მიატოვოს, ათიათასობით ადამიანი აპროტესტებს. ეს გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მიზნად EU-ში სრულ ინტეგრაცია არის გაწერილი. ის ასევე უხვევს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80%-ის ნებას. 

მთავრობის მხრიდან ბრუნი მოხდა ერთი თვის შემდეგ, რაც 26 ოქტომბერს სადავო არჩევნები ჩატარდა, რომლითაც ქვეყნის მმართველი პარტია ხელისუფლებაში შენარჩუნდა, მაგრამ რომელიც, ადგილობრივი დამკვირვებლებისა და საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, დამახინჯებული იყო ხმების მასობრივი გაყალბებით. ის ასევე მოხდა მას შემდეგ, რაც მიღებული იქნა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული კანონმდებლობა. 

მთავრობამ აქციებს ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით უპასუხა. პოლიცია სცემდა, დასდევდა და აკავებდა უმეტესად მშვიდობიან მომიტინგეებს. სპეცრაზმი და ასევე ძალადობრივი ბრბო, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია ხელისუფლებასთან, ოპოზიციური მედიასა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს სცემეს და მედია გაშუქებაში ხელი შეუშალეს. აქციის რამდენიმე ასეულობით მონაწილე დააკავეს წვრილმანი და სისხლის დანაშაულების ბრალდებით. მათგან მრავალი იტყობინება დაკავებაში ყოფნისას ცემისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ, ათობით მათგანს ჰოსპიტალიზება დასჭირდა. 

შიდა და საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, მთავრობა მკაცრ ზომებს ამძლავრებს. 

ევროკავშირმა ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები დაგმო, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დროა. ევროკავშირმა ევროპის საბჭოსა და გაეროს ექსპერტებისგან არჩევნების შემდგომი ძალადობის დამოუკიდებელი გამოძიება უნდა მოითხოვოს და მოუწოდოს, რომ ძალის უკანონო გამოყენება, თვითნებური დაკავებები და სასტიკი მოპყრობისა და წამების მზარდი მტკიცებულებები გამოიძიონ. 

გარდა ამისა, EU-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა მიაღწიოს კონსენსუსს, რათა საქართველოში მომიტინგეების ცემისა და მათზე ძალადობის ბრძანების გაცემასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების სანქცირებისთვის ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი გამოიყენოს. ასევე, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებისა და დიპლომატებისთვის შენგენის სავიზო მოთხოვნების დაწესება უნდა განიხილოს. ხელისუფლების სანქცირება მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებული, მოქნილი დემოკრატიული მხარდაჭერის პარალელურად უნდა მოხდეს. 

რადგან ქართველი ხალხის მისწრაფებები ევროკავშირისკენ არის მიმართული, ევროკავშირის ლიდერებმა მათ მეტი უნდა აჩვენონ. საქართველოს ადამიანის უფლებათა კრიზისის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად საჭირო არის კონკრეტული და გადამწყვეტი ნაბიჯები.

კომენტარები