პროკურატურის ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვიდეოკამერის დაზიანების ბრალდებით ერთ პირს ბრალი წარედგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, 7 700 ლარის ოდენობით ზიანისთვის ბრალდებულს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად, დააზიანა და გაანადგურა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ს ბალანსზე რიცხული ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, რამაც 7 700 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.





