უეფას ერთა ლიგა

2025 წლის 23 მარტს საქართველოსა და სომხეთის მატჩი დინამო არენაზე გაიმართება

2025 წლის 23 მარტს საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის ერთა ლიგის ფლეი-აუთის საპასუხო მატჩი დინამო არენაზე გაიმართება. ინფორმაცია UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ნაკრების ბოლო სამი მატჩიდან ორი მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდა, ერთი კი ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გაიმართა.

მანამდე, ქვეყნის პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა "ამორტიზებულია და შესაძლოა, შეიქმნას მისი მდგრადობის პრობლემა".

აგვისტოში გამოქვეყნებულ წერილში კი დინამო არენას დირექტორი წერდა, რომ სტადიონი მზადაა, უეფას ერთა ლიგის მატჩები ჩაატაროს და 41 000-ზე მეტ მაყურებელს უმასპინძლოს. თემურ პირტახია ფეხბურთის ფედერაციას მეორე იარუსით, ვიპ ბოქსებით და ლაუნჯებით სარგებლობას სთავაზობდა.

რაც შეეხება პირველ იარუსს, რომელიც 12 995 მაყურებელს იტევს, დინამო არენას დირექტორი აღნიშნავდა, რომ ის დეტალურად უნდა შემოწმდეს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის თქმით, დინამო არენა ფედერაციას სტადიონს სრული ტევადობით ვერ აძლევდა, მხოლოდ მეორე იარუსის გამოყენება კი "არასერიოზულია".

კომენტარები