დინამო არენას დირექტორის 6 ავისტოს წერილის მიხედვით, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი მზადაა, უეფას ერთა ლიგის მატჩები ჩაატაროს და 41 000-ზე მეტ მაყურებელს უმასპინძლოს. თემურ პირტახია ფეხბურთის ფედერაციას მეორე იარუსით, ვიპ ბოქსებით და ლაუნჯებით სარგებლობას სთავაზობდა. რაც შეეხება პირველ იარუსს, რომელიც 12 995 მაყურებელს იტევს, დინამო არენას დირექტორი წერს, რომ ის დეტალურად უნდა შემოწმდეს.
"თქვენი 5 აგვისტოს წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ დინამო არენა მზადაა, მიიღოს 2024 წელს გასამართი უეფას ერთა ლიგის მატჩები.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენს სტადიონზე 2024 წლის მარტში ჩატარდა უეფას ეგიდით ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩები, აგრეთვე, 2023 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის 3 ჯგუფური და 1 მეოთხედფინალური მატჩი.
დამატებით გვინდა, გაცნობოთ, რომ დინამო არენა შედგება 2 დამოუკიდებელი მდგომი შენობისგან, პირველი იარუსი იტევს 12 995 მაყურებელს, მეორე იარუსი - 40 897 მაყურებელს, ხოლო ვიპ ბოქსები და ლაუნჯები 772 ადამიანზეა გათვლილი.
ვინაიდან, დინამო არენას პირველი იარუსი ექსპერტის მოსაზრებით საჭიროებს დეტალურ შემოწმებას, აღნიშნულის განხორციელებამდე, გთავაზობთ ისარგებლოთ მხოლოდ მეორე იარუსით, ასევე, ვიპ ბოქსებით და ლაუნჯებით, რომლითაც შეძლებთ 41 000-ზე მეტი მაყურებლის მასპინძლობას" - წერია სტადიონის დირექტორის, თემურ პირტახიას წერილში, რომელიც მან ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს 6 აგვისტოს გაუგზავნა.
უეფას ერთა ლიგის შეხვედრები დინამო არენას ნაცვლად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომლის მაქსიმალური ტევადობაც 27 223-ია, რაც ბევრად ჩამორჩება დინამო არენას თუნდაც მხოლოდ მეორე იარუსის ტევადობას. 7 სექტემბრის საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთები ერთ საათში სრულად გაიყიდა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ დინამო არენა სრული ტევადობით ვერ აძლევთ სტადიონს, მხოლოდ მეორე იარუსის გამოყენება კი "არასერიოზულია".