ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ბუაძე: პეტიციაზე ხელმომწერ თბილისის მერიის თანამშრომლებს ევაჭრებიან და ემუქრებიან

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, თბილისის მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას გაემიჯნენ და საერთო განცხადება გაავრცელეს, "ევაჭრებიან".

"ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ ახლა თბილისის მერიაში მათი სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები პეტიციის 250-ზე მეტ ხელმომწერს პირდაპირ ევაჭრებიან, ემუქრებიან და სთხოვენ, რომ საახალწლო პრემიის სანაცვლოდ, ის ხელმოწერები უკან გაიწვიონ, რომელიც მათ საქართველოს ევროპულ მომავალს დაუდასტურეს. ეს სამარცხვინო და დანაშაულებრივი ქმედებაა.

ჩვენ ასევე მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ პრემიების სრულად გაუქმება იგეგმება იმისთვის, რომ თბილისის მერიასა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს და ადამიანები ერთმანეთს გადაკიდონ:. - თქვა ბუაძემ. 

თბილისის მერიის თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებასა და ამ გადაწყვეტილების გამომწვევ მიზეზებს ემიჯნებიან. განცხადების მიხედვით, ხელმომწერებს ეს ნაბიჯი არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ. 

ამის შემდეგ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ მერიის თანამშრომლების მიერ გაკეთებული ეს განცხადება საბოტაჟის მცდელობაა და ის პასუხგაუცემელი არ დარჩება.

კომენტარები