ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კობახიძე: შეკრებებზე სახის დაფარვა აიკრძალება, კანონი თვის ბოლომდე ამოქმედდება

ცოტა რთულია ამ ვითარებაში რეაგირება, ნიღბებით დადის ყველა, ვისაც არ ეზარება და ადგილი აქვს ასეთი ტიპის ძალადობას.

გამომდინარე იქიდან, რომ არის ძალიან ბევრი ნიღბიანი, შსს-ს უჭირს რეაგირება ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით, ვეღარ ხდება იმის გარჩევა, ვინ არის მომიტინგე, ვინ არ არის მომიტინგე და ა.შ.

ამასთან დაკავშირებით, გუშინ ერთგვარი ანონსი გაკეთდა და მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო - ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს პრევენციას ძალადობის წარმართვის დროს.

ასეთი კანონები მოქმედებს ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, ჩვენთანაც ძალადობის პრევენციისთვის ასეთი კანონის მიღება.

ჩვენ ტექნიკურად მოვახერხებთ ისე ყველაფრის ორგანიზებას, რომ უკვე მომავალი კვირის ბოლომდე იქნეს მიღებული შესაბამისი კანონი, ისე, რომ ეს კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება.

ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე.

7 დეკემბერს, აქციის მიმდინარეობისას ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს ივანიშვილის ტიტუშკები პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორს, გიორგი შეწირულს სხეულისა და სახის დაზიანებები აქვთ. ამასთან ერთად, ვიდეოში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ტიტუშკების ჯგუფი ფეხებს ურტყამს.

გარდა ამისა, ივანიშვილის ნიღბიანი ტიტუშკები შევარდნენ "კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისში და სცემეს. რამდენიმე ადამიანს, მათ შორის კობა ხაბაზს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობ გიორგი მახარაძეს.

კომენტარები