საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ დაშლას გმობს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილის რეჟიმის პოლიციის წარმომადგენლები და ძალადობრივი ჯგუფები არა მხოლოდ აქციის მონაწილეებს, არამედ მიმდებარე ქუჩებზე მყოფ ადამიანებსაც სცემდნენ და იტაცებდნენ.
ორგანიზაცია ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეების დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ქმედებებს რეპრესიული ხასიათი აქვს და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რასაც მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოება გმობს.
ვგმობთ მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ დაშლას.
ბიძინა ივანიშვილის პოლიციის წარმომადგენლები, როგორც ძალადობრივი ჯგუფები, ფიზიკურად უსწორდებოდნენ არა მხოლოდ უშუალოდ აქციის ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს, არამედ მიმდებარე ქუჩებზე მყოფ ადამიანებსაც. ისინი იტაცებდნენ ადამიანებს და ადგილზე ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ.
მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს შეწყვიტოს საქართველოს მოქალაქეების დევნა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეპრესიული მიზნებით გამოყენება.
აღნიშნულ ქმედებებს, დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობასა და მათ წამებას აქვს ძალადობრივი რეპრესიების ხასიათი. ყოველივე თავისი მასშტაბით წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. მსგავს ქმედებებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გმობს მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოება.