ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ორმხრივ ურთიერთობებზე ოცნების ქმედებების შედეგს განვიხილავთ – ვაიმარის სამკუთხედი

Federal Foreign Office

ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჟან-ნოელ ბარო, ანალენა ბერბოკი და რადოსლავ შიკორსკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

განცხადებაში წერია, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. მინისტრები ასევე გმობენ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას და პოლიტიკური ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ რეპრესიებს. 

ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ქართულ ოცნებას ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისკენ და კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ. 

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დე ფაქტო შეჩერება მმართველი პარტიის პოლიტიკას 2024 წლის დასაწყისიდან წარმოადგენს, რამაც ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნებსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაუარესება გამოიწვია. მინისტრების თქმით, საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ შეხვედრაზე საქართველოსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ქართული ოცნებების ქმედებების შედეგებისა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ზომების განხილვას აპირებენ.

ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, ვწუხვართ მმართველი პარტიის, ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო, არ გააგრძელოს EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და EU-ს ფინანსურ დახმარებაზე უარი თქვას 2028 წლამდე, რაც აშკარად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებთან. 

ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები საქართველოს შიდა და გარე არასტაბილურობისგან დაუცველს ხდის. ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. 

მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას და ასევე ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების მიზანში ამოღებას. ვგმობთ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ოფისებზე რეიდებს, პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაკავებებსა და მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ. ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, მხარდაჭერილი და დაცული უნდა იყოს. 

ქართულ ოცნებას დაძაბულობის დეესკალაციისკენ და ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის გახსნისკენ მოვუწოდებთ. 

ვიხსენებთ, რომ 2024 წლის დასაწყისიდან სწორედ ქართული ოცნების სამოქმედო კურსს წარმოადგენდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება, რამაც, თავის მხრივ, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის გაუარესება გამოიწვია. 

საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ შეხვედრაზე ამ საკითხზე ყურადღებას გავამახვილებთ, რათა ევროკავშირის დონეზე შესაბამისი ზომები მივიღოთ და, დამატებით, ჩვენს შესაბამის ორმხრივ ურთიერთობებზე ქართული ოცნების ქმედებების შედეგი გავითვალისწინოთ. 

კომენტარები