ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

შსს: თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს და აქციის მონაწილეებს პროტესტის კანონიერ ფარგლებში გამოხატვისკენ მოუწეოდებს.

"რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებულები.

აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნების სროლაში, რის შედეგადაც დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.

საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება". - წერია შსს-ს განცხადებაში.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, 28 ნოემბრიდან დღემდე, 6 დეკემბრამდე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 340-მდე პირი. ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით კი, ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა რიცხვი 350-ს აჭარბებს. მოსამართლეები დაკავებულ პირებს სასჯელის სახით 2000-დან 3000 ლარამდე ოდენობის ჯარიმას აკისრებენ. რიგ შემთხვევებში, დაკავებულებს ეფარდებათ ადმინისტრაციული პატიმრობა 4-დან 14 დღემდე ვადით.

ამასთან, პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად სასტიკად უსწორდება. საერთაშორისო გამჭვირვალობის ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, ნაცემია და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა 400-მდე ადამიანი. მათგან 80-ზე მეტს, ორგანიზაციის ცნობითვე, დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა

კომენტარები